ბლოგი

15:16 | 25.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

სად გვყავს დასაკარგი ოქროს ბიჭები?  

გუშინ ქართული სპორტის ისტორიაში ერთობ უცნაური დღე იყო. უცნაური და გულისმომკვლელი. ყველას გაორებული გრძნობა გვქონდა, რადგან ერთმანეთს ცვლიდა სიხარული, სიამაყე, გულისტკენა და სირცხვილი. გუშინ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ევროპის ჩემპიონი მესამედ გახდა. 2016 და 2017 წლებში ტიტული საქართველოს სახელით მოიპოვა. ამჯერად კი, მისი წარმატებით სერბებმა გაიხარეს, რადგან ზურა სწორედ ამ ქვეყნის სახელით გამოდიოდა. ვარშავაში მიმდინარე ევროპირველობის ფინალში დათუნაშვილმა ბელარუსი კირილ მასკევიჩი დაამარცხა.

კი ვთქვი სერბებმა გაიხარესო, მაგრამ მხოლოდ ასეც არ იყო, რადგან საქართველოშიც ბევრს გაგვეხარდა ზურას წარმატება. ეს იყო ერთგვარი რევანში ამ ბიჭის თავსდატეხილ უსამართლობაზე. როდესაც ბოროტება საყოველთაო და აშკარა ხდება, იქვე ჩნდება იმედი და შანსი, რომ ეს ბოროტება როცა იქნება, აუცილებად დამარცხდება და თავისი მიეზღვება ყველა იმ ადამიანს, ვინც ესოდენ ნიჭიერი და წარმატებული ქართველი სპორტსმენი აიძულა სამშობლოდან გადახვეწილიყო.

სამწუხაროა, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძთან დაწყებული კონფლიქტი საზოგადოებამ მაშინ სათანადოდ ვერ შეაფასა და ვერც იმდენი შევძელით, რომ სპორტულ საზოგადოებას პასუხი მოეთხოვა ჭიდაობის მესვეურებისთვის. პატარა ამბავი ხომ არაა, როდესაც ფედერაციის პირველი პირი ნაკრების კაპიტანს ასისხლიანებს და მერე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ასეთი წარმატებული სპორტსმენი საქართველოს ნაკრებს ჩამოშორდეს.

მსგავსი შემთხვევა სხვა ქვეყანაში რომ მომხდარიყო, სადაც კანონი კანონობს და სპორტის ფედერაციები თავს “ოჯახებად“ არ მიიჩნევენ, თავად პრეზიდენტი მიხვდებოდა მისი თანამდებობიდან წასვლის აუცილებლობას და ეს გარკვეულწილად გაანეიტრალებდა იმ სირცხვილს, რაც ზემოაღნიშნული კონფლიქტის შედეგად ჭიდაობას მიადგა. აქ კი ყველაფერი სულ სხვაგვარად მოხდა. გეგეშიძეს როგორც ჩანს ძლიერი მფარველი ჰყავდა, საზოგადოებაც ვერ დავდექით სათანადო სიმაღლეზე, გადავყევით “ისტობას“ და ყველაფერი ქართული სპორტისთვის უკიდურესად ცუდად, ანუ ზურაბ დათუნაშვილის ქვეყნიდან წასვლით დასრულდა.

ჩვენ, რიგითი ქომაგები, პრინციპში რა შუაში ვართ, მაგრამ დათუნაშვილის მიერ ევროპული ოქროს მოპოვების შემდეგ, ბევრი წერდა, რომ სირცხვილის გრძნობა აწუხებთ ამ ბიჭის მიმართ, რაც ღირსეული ადამიანების მხრიდან ბუნებრივია და გასაგები. წესით, ვისაც უნდა რცხვენოდეს, მათ მაგივრად ჩვენ გვრცხვენია მომხდარის გამო, ამხელა უსინდისობისა და უსამართლობის გამო, ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენის ქვეყნიდან გადახვეწის გამო და რაც მთავარია საქართველოსთვის დაკარგული ოქროს მედლების გამო. მართლაცდა, სად გვყავს ჩვენ დასაკარგი ოქროს ბიჭები და ოქროს მედლები?...

ქართველის სპორტსმენის გამარჯვება ყოველთვის დიდებული რამაა (თუნდაც სხვა ქვეყნის სახელით იყოს მოპოვებული) და აუცილებლად უნდა მივულოცოთ ზურაბ დათუნაშვილს რიგით მესამე ევროპული ოქროს მედლის მოპოვება. აქვე გამოვთქვათ იმედი, რომ აუცილებლად დადგება დრო, როდესაც ზურაბ დათუნაშვილის ქვეყნიდან წასვლაში დამნაშავენი სათანადოდ დაისჯებიან და ეს დასჯა უნდა იყოს სამაგალითო იმისთვის, რომ შემდეგში ქართულმა სპორტმა “ოქროს გოგო-ბიჭები“ აღარასოდეს დაკარგოს!

0.113477