ჭიდაობა

23:12 | 24.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ქაჯაიას ვერცხლი და აბულაძის ბრინჯაო, დათუნაშვილი სერბეთის სახელით ევროპის ჩემპიონია

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების აქტივში 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალია. 130 კგ წონით კატეგორიაში იაკობ ქაჯაიამ ფინალი წააგო, ხოლო 63 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს ლერი აბულაძე დაეუფლა.

იაკობმა ასპარეზობა ჩეხი შტეფან დავიდის წინააღმდეგ დაიწყო და 9:0 სძლია, რასაც რუსეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ გედეხაურთან გამარჯვება მოჰყვა (3:1). ქაჯაიამ ნახევარფინალში ლიეტუველ რომას ფრიდრიკასთან ძალიან იოლად 9:0 მოიგო, ფინალში კი თურქ რიზა კაიას ოქროს მედლისთვის გაეჯიბრა, მაგრამ სამწუხაროდ 1:3 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

63 კგ წონით კატეგორიაში ლერი აბულაძემ ჯერ თურქ აბდურაჰმან ალტანს 4:2 აჯობა, მეოთხედფინალში კი გერმანელი ანდრეი გინჩი 9:0 ადვილად დაამარცხა და ნახევარფინალს უწია. აბულაძემ იქ ვერაფერი გააწყო და რუს ჟამბოლატ ლოკიაევთან 5:9 წააგო. ბრინჯაოს მედლისთვის ლერიმ რუმინელი მიჰაი რადუ მიჰუტი ძალიან ადვილად 9:1 დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა.

აღსანიშნავია, რომ 87 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი გახდა საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ზურა დათუნაშვილი, ოღონდ სერბეთის სახელით. მან შესანიშნავად იასპარეზა და ერთმანეთის მიყოლებით ვიეკოსლავ ლუბურიჩი, ჟან ბელენიუკი, მაქსიმილიან კუდლა და კირილ მასკევიჩი დაამარცხა.

აქვე გეტყვით, რომ კვირას ფინალში იჭიდავებს შმაგი ბოლქვაძე (72 კგ), ხოლო აივენგო რიკაძე (82 კგ) ხალიჩაზე ბრინჯაოს მედლისთვის გავა.

0.109132