ფეხბურთი

19:20 | 24.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველიას ავტოგოლი და 0:6 განადგურებული "როტორი" "ზენიტთან" (+VIDEO)

რუსეთის პრემიერლიგის 27-ე ტურში ვოლგოგრადის „როტორი“ სანქტ-პეტერბურგში „ზენიტს“ ესტუმრა და 0:6 განადგურდა. არადა, სტუმრებმა 45-ე წუთამდე მეტოქეს ღირსეულ წინააღმდეგობას უწევდნენ და უგოლო ფრეც იყო, მაგრამ შემდეგ მოედანზე მხოლოდ ერთ გუნდი იყო.

ანგარიში სწორედ 45-ე წუთზე გაიხსნა და სოლომონ კვირკველიამ საკუთარ კარში გაიტანა. ქართველი მცველი ბურთის კუთხურზე გადაგდებას ცდილობდა, მაგრამ ავტოგოლი გამოუვიდა. მეორე ნახევარში მასპინძლებმა კიდევ ხუთჯერ გაიტანეს და ძალიან ადვილად იმარჯვეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, კვირკველია რუსეთის პრემიერლიგის ისტორიაში ავტოგოლების მხრივ რეკორდსმენი გახდა - მის ანგარიშზე უკვე 5 ავტოგოლია და ამაზე მეტჯერ საკუთარი კარი არავის დაულაშქრავს. სხვათა შორის, ჩამონათვალში მეოთხე ადგილზე 3 ავტოგოლით ალექსანდრე ამისულაშვილია.

კვირკველიამ და ზურიკო დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშეს, მაგრამ ცხადია, ამ თამაშს ვერცერთის აქტივში შევიტანთ. „როტორს“ სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე მხოლოდ 18 ქულა აქვს და გასავარდნ ზონაშია, მე-15 ადგილზე, თუმცა, პლეი-აუტის ზონაში მოხვედრის შანსი გააჩნია, მომდევნო ტურში კი 1 მაისს გროზნოს „ახმატს“ დაუხვდება.

0.113306