მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა და ტურნირზე პირველ ნომრად განთესილმა ავსტრალიელმა ეშლი ბარტიმ, შტუტგარტის ტურნირის მეოთხედფინალში, ჩეხი კაროლინა პლიშკოვა 2-6, 6-1, 7-5 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მეტოქედ უკრაინელი ელინა სვიტოლინა ეყოლება.
შტუტგარტის „პორშეს“ დიდი პრიზი ბარტისთვის პირველი სათიხნარო ტურნირია მას შემდეგ, რაც 2019 წელს როლან გაროსი მოიგო. პირველი სეტის წაგების შემდეგ, ავსტრალიელმა მეორე იოლად მოიგო. მაგრამ მესამეში წაგების რეალური საფრთხის წინაშე დადგა, როცა პლიშკოვა 5-3 დაწინაურდა. თუმცა 24 წლის ბარტიმ ამჯერადაც შეძლო თამაშის შემობრუნება, მომდევნო ოთხი გეიმი მოიგო და შეხვედრა თავის სასარგებლოდ დაასრულა.
ბარტი ყვება, რომ მისი მეტოქე იოლად იგებდა თავის სერვისზე და შემდეგ მის მოწოდბაზე თავისუფლად თამაშობდა. „მეორე სეტის დასაწყისშივე შევძელი თამაშის გამოსწორება და ეს მნიშვნელოვანი მომენტი იყო. შემდეგ ყველაფერი ფიზიკურ გამძლეობაზე იყო და თანდათან შევძელი ისეთ რიტმში თამაში, რასაც თავიდანვე ვგეგმავდი“, - ყვება ბარტი.
სვიტოლინასაც მოსაგებად სამი სეტი დასჭირდა. მან ჩეხი პეტრა კვიტოვა 6-7(4), 7-5, 6-2 დაამარცხა, ავინც მოქმედი ჩემპიონის რანგში თამაშობდა. „დიდი ბრძოლა ყოველთვის სასიამოვნოა და მძიმე შრომა შედეგს ყოველთვის იძლევა“, - განაცხადა გამარჯვებულმა.
მეორე ნომრად განთესილმა რუმინელმა სიმონა ჰალეპმა 6-1, 6-4 მოუგო რუს ეკატერინა ალექსანდროვას, ვისთანაც მანამდე ორივე თამაში წაგებული ჰქონდა. ჰალეპს აქამდე სეტიც არ აქვს წაგებული. მისი მომდევნო მეტოქეა ბელარუსი არინა საბალენკა, ვინც ესტონელ ანეტ კონტავეიტს 7-5, 4-6, 6-1 მოუგო.