ბრაზილიის 17-წლამდელთა ნაკრების წევრი და "ფლუმინენსეს" შემტევი კაიკი და სილვა ჩაგასი "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელი გახდა. როგორც ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, სამხრეთამერიკელი მშობლიურ გუნდში 2022 წლის იანვრამდე დარჩება და ამის შემდეგ შეუერთდება "ქალაქელებს". კაიკი ახალ კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
კაიკი "ფლუმინენსეს" აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში ოფიციალურად მიმდინარე წლის მარტში დააწინაურეს. მას შემდეგ ბრაზილიელმა უმაღლეს დონეზე ცხრა მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სანაცვლოდ ინგლისელებმა ბრაზილიელებს 10 მილიონი ევრო გადაუხადეს.






