საბერძნეთის მეორე სუპერლიგის 22-ე ტურში ბექა მიქელთაძემ გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელის „ქსანტი“ „პანახიაკს“ დაუპირისპირდა და მეტოქე დიდი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა.
მიქელთაძემ თავი 82-ე წუთზე გამოიჩინა, როდესაც თანაგუნდელის პასით მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და გოლის გატანა არ გასჭირვებია. მან აღნიშნულ შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„ქსანტის“ 41 ქულა აქვს და მეორე პოზიციაზე იმყოფება, პირველადგილოსან „ლონიკოსს“ კი 6 ქულით ჩამორჩება. ქართველის გუნდს 12-მატჩიანი დაუმარცხებელი სერიის შედეგად პლეი-ოფში მონაწილეობის უფლება გარანტირებული აქვს, ხოლო მეორე ადგილით პირდაპირ სუპერლიგაში დაწინაურდება.
რაც შეეხება ბექა მიქელთაძეს, 23 წლის შემტევი ბერძნულ გუნდში ვოლგოგრადის „როტორიდან“ გადავიდა და მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა.