შტუტგარტის „პორშეს“ დიდი პრიზის გათამაშებას, მეოთხე ნომრად განთესილი ამერიკელი, სოფია კენინი გამოეთიშა. მას ორ სეტში, 7-5, 6-4 მოუგო ესტონელმა ანეტ კონტავეიტმა, ვინც მეოთხედფინალში ბელარუს არინა საბალენკას დაუპირისპირდება.
კონტავეიტი მსოფლიოს 27-ე ჩოგანია და მან შტუტგარტის წინა ტურნირზე (2019 წელს ჩატარდა) ფინალს მიაღწია. კენინი ტოპ 12-ის მე-12 ჩოგბურთელია, ვისთანაც კონტავეიტს თამაში აქვს მოგებული. ამჯერად მეტოქის დასამარცხებლად მან 94 წუთი იმყოფინა.
პირველი სეტის მიწურულს, ამერიკელმა 9 ბრეიკ პოინტის მოგერიება შეძლო, მაგრამ კონტავეიტმა მეათე მაინც გამოიყენა და სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა. მეორე სეტში კენინმა ბევრი შეცდომა დაუშვა და ამით, კარგ ფორმაში მყოფ მეტოქეს საქმე გაუადვილა.
პირველ ნომრად განთესილმა ავსტრალიელმა ეშლი ბარტიმ, ადგილობრივი ლაურა ზიგემუნდი 6-0, 7-5 დაამარცხა. მეოთხედფინალში მისი მეტოქეა მეექვსე ნომრად განთესილი ჩეხი კაროლინა პლიშკოვა, რომელმაც 6-7(3), 6-4, 6-3 დაამარცხა ლატვიელი ელენა ოსტაპენკო. პლიშკოვას შტუტგარტის ტურნირი 2018 წელს აქვს მოგებული.
სამწუხაროდ, ტურნირს პირველივე წრეში გამოეთიშა ქართველი ეკატერინე გორგოძე, ვინც ტურნირის ორგზის ჩემპიონთან, გერმანელ ანგელიკ კერბერთან 6-2, 6-2 დამარცხდა.