ჩოგბურთი

0:53 | 23.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი ბარსელონას ღიას მეოთხედფინალში გავიდა

ბარსელონას ღია პირველობის მესამე წრეში, ტურნირის 11-გზის ჩემპიონმა რაფაელ ნადალმა სამ სეტში, 6-0, 2-6, 6-2 აჯობა იაპონელ კეი ნიშიკორის და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ბრიტანელ კამერონ ნორიეს დაუპირისპირდება.

ნადალმა პირველი სეტი მშრალად მოიგო და ისე ჩანდა, რომ სწრაფად დაასრულებდა შეხვედრას, მაგრამ იაპონელმა ასე არ ისურვა. ბადესთან კარგი თამაშის წყალობით, მან სეტებში ანგარიშის გათანაბრება თითქმის ისევე სწრაფად შეძლო, როგორც პირველი სეტი დათმო.

მაგრამ გადამწყვეტ სეტში ნადალმა ამის საშუალება აღარ მისცა. მან მეტოქის მოწოდებაზე ორი გეიმი მოიგო და მეორე მატჩ პოინტზე, კარგად შესრულებული წაღმა დარტყმით, შეხვედრას წერტილი დაუსვა.

ამგვარად, პირველ ნომრად განთესილ ნადალს, ორივე მეტოქის დასამარცხებლად, სამ-სამი სეტის თამაში დასჭირდა. შეგახსენებთ, რომ ის მონტე კარლოს მასტერსს მეოთხედფინალში გამოეთიშა.

საინტერესოა, რომ ნიშიკორის ბარსელნას ღია პირველობა ორჯერ, 2014 და 2015 წლებში აქვს მოგებული, როცა ნადალს ტრავმული პრობლემები ჰქონდა.

0.1147