მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, რუმინელმა სიმონა ჰალეპმა განცხადა, რომ სრულად მოირჩინა მარჯვენა მხრის ტრავმა, რომლის გამოც, მაიამის ღია პირველობას გამოეთიშა და მზადაა შტუტგარტის ტურნირის მოსაგებად იბრძოლოს.
„ორ კვირაზე მეტხანს პაუზა მქონდა, მხარზე ვიმკურნალე. ახლა თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ. უკვე რამდენიმე დღეა, ტკივილები აღარ მაწუხებს. არც შინ ვარჯიშისას და არც აქ ყოფნისას. იმედი მაქვს, ასევე გავაგრძელებ ტურნირზე თამაშისას, რადგან ვარჯიში ერთია და სულ სხვაა, როცა თამაშობ“, - ამბობს ჰალეპი.
საფრანგეთის ღია პირველობის ყოფილ ჩემპიონს, WTA-ს კალენდარში შემავალი, ევროპული თიხნარის სეზონის ყველა ტურნირი მოგებული აქვს შტუტგარტის გარდა.
„აქ მოგება ძალიან მინდა. აქ თამაში სასიამოვნოა, აქ კარგი პირობებია და ხალხიც ჩემდამი კარგ დამოკიდებულებას ავლენს. ჩემი ერთ-ერთი მიზანი, ამ ტურნირის მოგებაა. ძალიან მინდა, თუ ეს შესაძლებელი იქნება, თიხნარის ყველა ტურნირი მოვიგო“, - დასძენს ჰალეპი.
ის დასძენს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული სამგზავრო შეზღუდვების გამო, ავსტრალიელი მწვრთნელი დარენ კეიჰილი, თიხნარის სეზონის განმავლობაში მასთან დარჩება.
„ის რუმინეთში ერთი კვირა ჩემთან იყო. კარგად ვივარჯიშეთ. შინ ვერ ბრუნდება. კარგია, რომ თიხნარის სეზონის განმავლობაში ერთად ვიქნებით. ეს ჩემი ფავორიტი საფარია და როცა ის ჩემს გვერდით იქნება, უფრო თავდაჯერებული ვიქნები“, - დასძენს რუმინელი ჩოგბურთელი.