ავტოსპორტი

10:51 | 20.04.2021 | ნანახია NaN - ჯერ

ფორმულა 1-ს მომავალი სეზონიდან მაიამის რბოლაც დაემატება

ფორმულა 1-ის კალენდარს მომავალი სეზონიდან კიდევ ერთი ამერიკული რბოლა - მაიამის დიდი პრიზი დაემატება. თარიღი ჯერ შერჩეული არ არის. ეს იქნება მე-11 ადგილი, სადაც ფ1-ის ამერიკული რბოლა გაიმართება. რბოლის ორგანიზატორებმა ფორმულა 1-თან 10-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

„შეერთებული შტატები ჩვენთვის ზრდის მნიშვნელოვანი ბაზარია და გვიხარია, რომ ამერიკაში მეორე რბოლა დაგვემტება“, - ამბობს ფორმულა 1-ის მთავარი აღმასრულებელი სტეფანო დომენიკალი.

ფორმულა 1-ის მფლობელ „ლიბერტი მედიას“ მაიამიში გამართვა უკვე დიდი ხანია სურს, მაგრამ ადგილობრივი გარემოს დამცველი ორგანიზაციებისგან მედგარ წინააღმდეგობას აწყდება. ისინი თვლიან, რომ ფ1-ის რბოლები ზედმეტ ხმაურს და ჰაერის დაბინძურებას გამოიწვევს.

ახალი პროექტით, ტრასა „ჰარდ როკ სტედიუმის“ სიახლოვეს მოეწყობა. ეს არენა ადგილობრივ მაგნატ სტივენ როსს ეკუთვნს, რომელიც ასევე ამერიკული ფეხბურთის გუნდ „დოლფინსის“ მფლობელიცაა. როსი ტრასის მშენებლობას და რბოლის ხარჯების დაფინანსებას კისრულობს.

პროექტის შესაბამისად, ტრასის სიგრძე 5.41 კილომეტრი იქნება და მასში 19 მოსახვევი ჩაეტევა. ტრასას სამი გრძელი სწორი მონაკვეთი უნდა ჰქონდეს, რომელთაგან ყველაზე გრძელზე, მაქსიმალური სიჩქარე 320 კმ/სთ-ს მიაღწევს.

0.193894