ჩოგბურთი

2:04 | 20.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი საფრანგეთის ღია პირველობაზე ითამაშებს

როჯერ ფედერერი თიხნარის სეზონს ჟენევის ღია პირველობით დაიწყებს, რაც საფრანგეთის ღია პირველობისთვის მზადების ეტაპი იქნება. 39 წლის ჩოგბურთელმა ამის შესახებ, საკუთარ ტვიტერზე დაწერა.

ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ფედერერი კორტს ყატარის ღია პირველობაზე დაუბრუნდა, რომლის მეოთხედფინალშიც ის ნიკოლოზ ბასილაშვილმა დაამარცხა. ამის შემდეგ, დიდი სლემის 20 ტიტულის მფლობელმა უარი თქვა დუბაიში თამაშზე და ვარჯიში გააგრძელა. ის არ მალავს, რომ ამ სეზონში, მთავარ ამოცანად, უიმბლდონზე და ტოკიოს ოლიმპიადაზე წარმატებულ თამაშს ისახავს.

„მოხარული ვარ გითხრათ, რომ ჟენევაში და პარიზში ვითამაშებ. მანამდე კი დროს ისევ ვარჯიშს დავუთმობ. მოუთმენლად ველი მომენტს, როდესაც შვეიცარიაში ვითამაშებ“, - განაცხადა ფედერერმა, ვისაც საფრანგეთის ღია პირველობა მხოლოდ ერთხელ, 2009 წელს აქვს მოგებული.

ჟენევის ATP 250 ტურნირი 16-22 მაისს გაიმართება, როლან გაროსი კი სტარტს 30 მაისს აიღებს.

0.130978