ფეხბურთი

2:06 | 19.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ში ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაშია

იტალიის სერია A-ს 31-ე ტურში ლიდერ „ინტერსა“ და მდევარ „მილანს“ შორის ქულათა სხვაობა შემცირდა, თუმცა სკუდეტოსთვის ბრძოლა კვლავ ფანტასტიკის სფეროს ჰგავს, რადგან ჩამორჩენა დიდია.

„ინტერს“ ამ ტურამდე მეორე წრეში ყველა, 11-ვე თამაში ჰქონდა მოგებული, მაგრამ ბრწყინვალე სერა ნეაპოლში შეწყდა, სადაც ანტონიო კონტეს გუნდი „ნაპოლის“ ესტუმრა და 3 ქულა ვერ მოიპოვა. პირველი ტაიმის ბოლოს სამირ ჰანდანოვიჩის ავტოგოლით „ნაპოლი“ დაწინაურდა, მაგრამ „ნერაძურიმ“ მალევე, მეორე ტაიმის დასაწყისში კრისტიან ერიკსენის შესანიშნავი გოლით გაათანაბრა. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა და გუნებმა ქულები გაიყვეს. ფრე ის შედეგი იყო, რომელიც ალბათ უფრო „ინტერს“ დაამშვიდებდა, რადგან აგებდა და ქულა გადაარჩინა, თანაც „მილანს“ ჯერ კიდევ 9 ქულით უსწრებს და ეს დიდი სხვაობაა. „ნაპოლი“ კი ალბათ კმაყოფილი ვერ იქნება, რადგან გამარჯვებით „იუვენტუსს“ დაეწეოდა და ოთხეულში შევიდოდა, მაგრამ ახლა 2 ქულით ჩამორჩება და ისევ ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმაა.

„იუვენტუსი“ ვახსენეთ და ეს გუნდი ისევ იდეებისა და მოტივაციის გარეშეა. ანდრეა პირლოს გუნდი „ატალანტას“ ესტუმრა და 87-ე წუთზე გაშვებული გოლით წააგო, რის შედეგადაც მეოთხე ადგილზე დაქვეითდა და სწორედ ბერგამოელებმა გადაასწრეს. სხვათა შორის, „ატალანტამ“ „იუვეს“ სერია A-ში 20 წლის შემდეგ პირველად მოუგო. ტურინული გრანდი საშინელ ფეხბურთს აჩვენებს და ასე თუ გააგრძელებს, შეიძლება ჩემპიონთა ლიგაზე ვერც გავიდეს.

სამაგიეროდ, 7-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა „მილანმა“, რომელმაც შინ „ჯენოას“ ურთულესი თამაში მოუგო. „როსონერი“ მოგებას არ იმსახურებდა, უფრო სწორად „ჯენოა“ არ იმსახურებდა წაგებას, მაგრამ ჯანლუკა სკამაკას ავტოგოლმა და ბოლო წუთებზე მასპინძელთა მცველების სასწაულმა გარჯამ სტეფანო პიოლის გუნდს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანეს და მეხუთე ადგილოსან „ნაპოლის“ 6 ქულით უსწრებს.

ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის „ლაციოც“ იბრძვის, რომელმაც „ბენევენტოს“ მხიარულ თამაშში 5:3 მოუგო და სხვებთან შედარებით ერთით ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული, რომელსაც თუ მოიგებს, ოთხეულთან ერთადერთ ქულაში იქნება! სიმონე ინძაგის გუნდი თუ ჯერ კიდევ ბრძოლაშია, „რომა“ ალბათ ოთხეულის შანსს დაემშვიდობა, რადგან „ტორინოსთან“ პირველი ტაიმის მოგების შემდეგ მეორე ნახევარში 3 გოლი გაუშვა და უქულოდ დარჩა. ამრიგად, „რომა“ მეშვიდე ადგილზეა და „ჯალოროსის“ ევროპა ლგაზე უფრო მეტი ყურადღების გამახვილება მოუწევს, ვიდრე სერია A-ში.

„მილანი“ – „ჯენოა“ 2:1 (1:1)

გოლები: 1:0 რებიჩი (13), 1:1 დესტრო (37), 2:1 სკამაკა (68, ა.გ)

„ატალანტა“ – „იუვენტუსი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 მალინოვსკი (87, ა.გ)

„ბოლონია“ – „სპეცია“ 4:1 (2:1)

გოლები: 1:0 ორსოლინი (12, პენ), 2:0 ბაროუ (18), 2:1 ისმაილი (34), 3:1 სვანბერგი (54), 4:1 სვანბერგი (60)

„ლაციო“ – „ბენევენტო“ 5:3 (3:1)

გოლები: 1:0 დეპაოლი (10, ა.გ), 2:0 იმობილე (20), 3:0 კორეა (36, პენ), 3:1 საუ (45), 4:1 მონტიპო (48, ა.გ), 4:2 ვიოლა (61, პენ), 4:3 გლიკი (85), 5:2 იმობილე (90)

„ტორინო“ – „რომა“ 3:1 (0:1)

გოლები: 0:1 ბორხა მაიორალი (3), 1:1 სანაბრია (57), 2:1 ძაძა (71), 3:1 რინკონი (90)

„ნაპოლი“ – „ინტერი“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ჰანდანოვიჩი (36, ა.გ), 1:1 ერიკსენი (55)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.145471