ბლოგი

14:44 | 18.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე გუშინ და დღეს

ამას წინათ შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნის განახლებულ, მეორე გამოცემას გავეცანი და კიდევ ერთხელ დამიდგა თვალწინ ეპოქა, როდესაც ბევრს არ ეფეხბურთებოდა, მაგრამ სწორედ შოთა იყო ერთ-ერთი, ვის გამოც ჯერ კიდევ არ გვეშინოდა ეროვნულ სტადიონზე შესვლის. ფაქტია, რომ 90-იანი წლების მასიური ნიჰილიზმის ფონზე, ძმებმა არველაძეებმა შეძლეს იმის დამტკიცება, რომ ქართველებს ჯერ კიდევ შეგვიძლია ჩვენი სიტყვა ვთქვათ ევროპაში და წარსულის ლანდებთან ლაციცის გარეშეც შესაძლებელია ჯანსაღი დღევანდელობის შექმნა. “შიშის ათწლეულის“ გადალახვაში უდიდესი წვლილი მიუძღვით შოთა არველაძესა და მისი თაობის ფეხბურთელებს, ფეხბურთელებს, რომლებსაც ძალიან მძიმე და დიდი მისია ეკისრებოდათ. მათ საფეხბურთო გამარჯვებებით უნდა შეეცვალათ დამარცხებული ხალხის ფსიქოლოგია! მათ ევროპა ელოდათ, ევროპა, რომელიც უცხოებს გულგახსნით არასოდეს ხვდება.

შოთას წიგნმა “გუშინ“ კიდევ ერთხელ გამახსენა, რომ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის არცთუ დიდხნიანი არსებობის მანძილზე სახელი – შოთა არველაძე რიგითი ქართველისთვის გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე ცნობილ ფეხბურთელს. საქართველოში 90-იან წლებში, როდესაც ტელევიზორები, ისევე როგორც ჩვენი ცხოვრება, არნახულად ერთფეროვანი და შავ-თეთრი იყო, ცოტა რამე თუ იყო ისეთი, რისი არსებობაც გვიხაროდა და მათ ხსენებაზე ერთგვარი სიამაყით ვივსებოდით.

საქართველოს, თურქეთის, ჰოლანდიის და შოტლანდიის ჩემპიონატებში ჩატარებულ 426 მატჩში შოთა არველაძემ 261 გოლი გაიტანა. ეს საქართველოს ყველა დროის რეკორდია, მსოფლიოში კი მოქმედ ფეხბურთელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.

შოთა არველაძე ქართული ფეხბურთის იმ თაობის უკანასკნელი წარმომადგენელი იყო, რომლებსაც დიდი გამარჯვებების მოპოვება შეეძლოთ. თემურ ქეცბაიას, არჩილ არველაძის, გიორგი ქინქლაძის და სხვა ძველი თანაგუნდელების ფეხბურთიდან ერთმანეთის მიყოლებით წასვლის შემდეგ, შოთა არველაძე ბოლო ფეხბურთელი იყო, რომელიც ქართველ გულშემატკივარს ახსენებდა იმ დროს, როდესაც ჩვენს ნაკრებს დამაჯერებლად შეეძლო უელსის, ბულგარეთის და პოლონეთის ნაკრებების დამარცხება. როდესაც ყველას გვჯეროდა, რომ ჩვენ მხოლოდ გაუმართლებლობის მსხვერპლნი ვიყავით და გვიხაროდა, რომ ეროვნულ სტადიონზე გამარჯვება მსოფლიო დონის გრანდებსაც კი უჭირდათ.

თუნდაც ის ფაქტი, რომ შოთა არველაძე ხუთჯერ დაასახელეს საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად, ბევრ რამეზე მეტყველებს. თუმცა, ციფრები ხშირად მხოლოდ ციფრებია და მეტი არაფერი. დიდი ფეხბურთელის გახსენებასთან ყოველთვის ძალიან ბევრი ცრემლი, მოგონება და ქება-დიდება ახლავს. ყალბ და არაფრისმთქმალ სიტყვებსაც ხშირად მოისმენთ, მაგრამ, შოთა არველაძე, როგორც ფეხბურთელი და როგორც მწვრთნელი, ფაქტია, რომ ევროპამ მართლაც აღიარა და თავისიანად მიიღო.

სპორტსმენისათვის, და მეტადრე ფეხბურთელისათვის, ასაკი დაუნდობელი ფენომენია. მედიკოსთა აზრით, ადამიანი თავისი შესაძლებლობების როგორც გონებრივ, ასევე ფიზიკურ უმაღლეს კონდინციას 35-37 წლის ასაკში აღწევს, ანუ მაშინ, როდესაც ფეხბურთელები კარიერას ასრულებენ. ფეხბურთელის კარიერა ძალიან ხანმოკლეა და კარიერის დასრულების შემდეგ, ბევრ ფეხბურთელს უჭირს “საფეხბურთო ვირუსისგან" გათავისუფლება. ცნობილია ლეგენდარული გარინჩას შემთხვევა, რომელიც კარიერის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთ ბრაზილიური გუნდის მწვრთნელს სთხოვდა, ვარჯიშებზე დასწრების უფლება მაინც მიეცა. საბედნიეროდ, შოთა არველაძეს ამის პრობლემა არასოდეს შექმნია და მალევე აუღო ალღო სრულიად ახალ ხელობას - მწვრთნელობას. ამ საქმეში საკმაოდ ბევრ წარმატებებსაც მიაღწია და პირადად მე მჯერა, რომ ეს კაცი კიდევ ბევრჯერ იტყვის თავის სიტყვას.

0.113904