საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეცხრე ტურში გორის „დილა“ „თენგიზ ბურჯანაძის“ სახელობის სტადიონზე „დინამო ბათუმს“ დაუპირისპირდა.
ამ ტურამდე გია გეგუჩაძის გუნდი დაუმარცხებელი იყო და ცხადია, მიზნად პირველი წრის წაუგებლად დასრულებას ისახავდა, თუმცა, ანდრეი დემჩენკოს გუნდმა შესანიშნავად ითამაშა და 3 ქულა მეტოქეს არ დაანება.
პირველი ტაიმი გორელებმა პაატა ღუდუშაურის გოლით მოგეს, რომელიც გორელთა შესანიშნავ კომბინაციას მოჰყვა და ანგარიში გაიხსნა. ამის შემდეგ უპირატესობა „დინამო ბათუმი“ დაეუფლა, მაგრამ ლუკა გუგეშაშვილი დიდებულად ირჯებოდა.
მატჩის მიწურულს კი მასპინძლებმა მეორეც გატანეს. თავი ნიკა გაგნიძემ გამოიჩინა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი ვლადიმერ მამუჩაშვილმა პენალტით სხვაობა შეამცირა, მაგრამ ზღვისპირელებს თამაშის გადასარჩენად დრო აღარ ჰქონდათ და სეზონში პირველი მარცხი განიცადეს.
ამრიგად, პირველი წრის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატში დაუმარცხებელი გუნდი არ დარჩა. „დინამო ბათუმი“ მეორე პოზიციაზეა, მაგრამ ლიდერ „დინამო თბილისს“ უკვე 4 ქულით ჩამორჩება. გორის „დილამ“ 17 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზეა.
„დილა“ – „დინამო ბათუმი“ 2:1 (1:0)
გოლები: 1:0 ღუდუშაური (23), 2:0 გაგნიძე (89), 2:1 მამუჩაშვილი (90, პენ)