ფეხბურთი

17:55 | 17.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფრუიძის წარმატებული დაბრუნება, "ტორპედომ" პირველი წრე მოუგებლად დაასრულა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეცხრე ტურში იმერული დერბი შედგა და წყალტუბოს „სამგურალმა“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა.

შეხვედრა ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან აუტსაიდერთა რიგებში არიან და უკვე თითოეულ ქულას მნიშვნელოვანი ფასი აქვს. „სამგურალში“ სოსო ფრუიძის ხელახალი დებიუტი შედგა, რომელიც გუნდს 25 წლის შემდეგ დაუბრუნდა და წარმატებულიც გამოვიდა.

არადა, „ტორპედო“ იგებდა ოლეგ მამასახლისის პენალტით, მაგრამ „სამგურალმა“ შეძლო დაქამბექება და 2:1 მოიგო. შედეგად 9 ქულა დააგროვა, თუმცა წინ ვერ წაიწია და ისევ მეცხრე ადგილზეა. „ტორპედოს“ კი მხოლოდ 5 ქულა აქვს და ეროვნულ ლიგაში ერთადერთი გუნდია, რომელმაც პირველი წრე მოუგებლად ჩაამთავრა.

ქობულეთის „შუქურამ“ კი შინ „თელავს“ უმასპინძლა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა. გიორგი შაშიაშვილის გუნდს გამარჯვება მატჩის მიწურულს მიშიკო სარდალიშვილისა და ჯეფერსონ ჯერალდოს გოლებმა მოუტანა, რის შედეგადაც აჭარლებმა 12 ქულას მოუყარეს თავი და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზე არიან, ხოლო „თელავი“ 6 ქულით პლეი-აუტის ზონაშია.

„სამგურალი“ – „ტორპედო“ 2:1 (1:1)

გოლები: 0:1 მამასახლისი (17, პენ), 1:1 კუხიანიძე (37), 2:1 კირკიტაძე (76, პენ)

„შუქურა“ – „თელავი“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 სარდალიშვილი (76), 2:0 ჯერალდო (81)

0.119941