ფეხბურთი

1:12 | 16.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგაზე ოთხივე ნახევარფინალისტი გამოვლინდა

ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ნახევარფინალისტები ევროპა ლიგის გათამაშებაშიც გამოვლინდა. „მანჩესტერ იუნაიტედი“, „რომა“, „არსენალი“ და „ვილიარეალი“ ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებენ.

„მანჩესტერმა“ ნახევარფინალისტი საგზური ძალიან ადვილად მოიპოვა. ოლე გუნარ სულშერის გუნდმა ესპანეთში „გრანადასთან“ 2:0 მოიგო და იმთავითვე ყველაფერს წერტილი დაუსვა, ხოლო შინ ამავე ანგარიშით კიდევ ერთხელ იმარჯვეს. ედინსონ კავანის სწრაფ გოლს ხესუს ვალიეხოს ავტოგოლი დაემატა და ორი მატჩის ჯამში ინგლისურმა გრანდმა 4:0 მოიგო.

„მანჩესტერი“ ნახევარფინალში იტალიურ „რომას“ შეხვდება, რომელმაც მძიმე ბრძოლაში ამსტერდამის „აიაქსი“ დაამარცხა. იტალიელებმა ნიდერლანდებში 2:1 მოიგეს და შინ ძალიან გაუჭირდათ, მაგრამ მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნეს. ერიკ ტენ ჰაგის გუნდი მეორე ტაიმის დასაწყისში დაწინაურდა, თუმცა კიდევ ერთი გოლი აუცილებლად უნდა გაეტანა, რაც ვერ მოახერხა, უფრო მეტიც, ბოლოსკენ ედინ ჯეკომ გაათანაბრა და „რომა“ სასურველ ფრეს (1:1) გამორჩა, ორი მატჩის ჯამში კი 3:2 მოიგო. იტალიური კლუბი 2018 წლის შემდეგ ისევ დაუბრუნდა ევროთასის ნახევარფინალს, ოღონდ მაშინ ეს ჩემპიონთა ლიგაზე გააკეთა.

„ვილიარეალმა“ ზაგრების „დინამოს“ ორივე თამაში მოუგო, ჯერ ხორვატიაში 1:0 და ახლა ესპანეთში 2:0, შესაბამისად, უნაი ემერი საყვარელი ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებს. მისი მეტოქე ლონდონის „არსენალი“ იქნება, რომელმაც შინ პრაღის „სლავიას“ ერთი კვირის წინ ვერ მოუგო (1:1), მაგრამ ჩეხეთში პირველივე ტაიმში, თანაც 6-წუთიან ინტერვალში 3 უპასუხო გოლი გაიტანა, საბოლოოდ კი 4:0 იმარჯვა და „მეთოფეები“ ნახევარფინალში არიან. ამრიგად, უნაი ემერის ყოფილ გუნდთან მოუწევს ფინალის საგზურისთვის ბრძოლა. სხვათა შორის, გავიხსენოთ, რომ „არსენალი“ და „ვილიარეალი“ ზუსტად 15 წლის წინ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში დაუპირისპირდნენ.

„ვილიარეალი“ – „დინამო ზაგრები“ 2:1 (2:0)

გოლები: 1:0 პაკო ალკასერი (36), 2:0 მორენო (43), 3:0 ორშიჩი (74)

„მანჩესტერი“ – „გრანადა“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 კავანი (6), 2:0 ვალიეო (90, ა.გ)

„რომა“ – „აიაქსი“ 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 ბრობი (49), 1:1 ჯეკო (90)

„სლავია“ – „არსენალი“ 0:4 (0:3)

გოლები: 0:1 პეპე (18), 0:2 ლაკაზეტი (21, პენ), 0:3 საკა (24), 0:4 ლაკაზეტი (77)

0.176355