ჩოგბურთი

23:16 | 15.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი მონტე კარლოს მასტერსს გამოეთიშა

მონტე კარლოს მასტერსს მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი გამოეთიშა. მას ბრიტანელმა დენ ევანსმა 6-4, 7-5 მოუგო. 30 წლის ევანსი ჯოკოვიჩს პირველად შეხვდა და მისი 10-მოგებიანი სერია შეწყვიტა. სერბი ჩოგბურთელისთვის, ეს ამ სეზონში პირველი წაგებაა.

ქარიან ამინდში ჯოკოვიჩმა ვერაფრით შეძლო ჩვეული რიტმის პოვნა და მეტოქეს 45 შეცდომით გაუადვილა საქმე. ეს მაშინ, როცა ევანსმა მხოლოდ ამის ნახევარი შეცდომა დაუშვა.

„თამაშის წინ თავს კარგად ვგრძნობდი, მაგრამ ნოვაკის მსგავსი დიდი ჩოგბურთელის წინააღმდეგ თამაშისას, თავდაჯერებული ვერ იქნები. ეს მართლა დიდი გამარჯვებაა და მიხარია, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა შევძელი“, - განაცხადა ევანსმა.

ბრიტანელი შეხვედრის დასაწყისშივე დაწინაურდა - 3-0. მაგრამ ამან ჯოკოვიჩი გამოაფხიზლა და მან მერვე გეიმში ანგარიშის გათანაბრება შეძლო - 4-4. თუმცა მან მეცხრე გეიმში, საკუთარ მოწოდებაზე ვერ ივარგა და მეტოქეს კიდევ ერთი ბრეიკის საშუალება მისცა. ევანსმა თავისი გეიმი მოიგო და სეტებში დაწინაურდა.

მეორე სეტი ჯოკოვიჩმა აგრესიულად დაიწყო და პირველი სამი გეიმი მოიგო. მეათე გეიმში, როცა ანგარიში 5-4 მიჰყავდა, მან მეტოქის მოწოდებაზე სეტ პოინტი მიიღო, მაგრამ ევანსმა მისი მოგერიება შეძლო და მე-12 გეიმში, პირველივე მატჩ პოინტი, გამარჯვების ქულად აქცია.

„მთავარი ისაა, რომ საკუთარი გამარჯვების უნდა გჯეროდეს. რა თქმა უნდა, შეხვედრისას ეჭვები მქონდა, რომ ვერ შევძლებდი. ყველაზე რთული ის მომენტი იყო, როცა გამარჯვებაზე ვაწოდებდი. ამ დროს, თავში ყველანაირი აზრები მოგდის. ოდსმე შვილებს და შვილიშვილებს მოვუყვები, რომ მსოფლიოს პირველ ჩოგანს მოვუგე“, - განაცხადა ევანსმა.

0.246902