„დინამო თბილისის“ ნიჭიერ ნახევარმცველ ლუკა გაგნიძეს იტალიური გუნდები აკვირდებიან, მათ შორის ტურინის „იუვენტუსი“. იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო აღნიშნულ ინფორმაციას თავის ვებგვერდზე ავრცელებს.
როგორც ის წერს, მას ბევრი გუნდი აკვირდება, „იუვენტუსმა“ კი ჯერ კიდევ შარშან შენიშნა. ოფიციალური შეთავაზება ჯერ გაგნიძეს არ მიუღია, მაგრამ ტურინელთა სკაუტების სიაში უკვე იმყოფება, ისევე როგორც სერია A-ს სხვა გუნდების.
„იტალიიდან მას უკვე აკვირდებიან. ქართული ფეხბურთი დიდ წინსვლას განიცდის: მას ჰყავს ბევრი ახალგაზრდა, რომლებიც ევროპულ კლუბებს მოსწონთ და ნამდვილად არ არიან მეორე დონის გუნდები. უბრალოდ შეხედეთ: „იუვენტუსმა“, „მანჩესტერ სიტიმ“, „ბარსელონამ“ და სხვა კლუბებმა აკადემიები დაარსეს საქართველოში, ეს არ არის მცირე დეტალი და ლუკა გაგნიძისნაირი ნიჭიერი ფეხბურთელები ცდილობენ ეს შანსი გამოიყენონ.
ვინ არის ის? ძველი სტილის ცენტრალური ნახევარმცველი, 2003 წელს არის დაბადებული. არ არის ძალიან მაღალი (1.75), ფიზიკურადაც მოსამატებელი აქვს, მაგრამ თამაშის ხედვა აქვს და თამაშობს ისეთ მნიშვნელოვან კლუბში, როგორიცაა „დინამო თბილისი“. მიმდინარე სეზონში მან რვა მატჩიდან შვიდში ძირითადში ითამაშა და უკვე მოასწრო 1 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის გაკეთება.
მას ბევრი აკვირდება. იტალიიდან „იუვენტუსმა“ ჯერ კიდევ შარშან შეამჩნია. ოფიციალური შეთავაზება არ ყოფილა, მაგრამ ის ერთ-ერთია, ვინც „იუვენტუსის“ სკაუტების სიაში აღმოჩნდა, ასევე სერია A-ს სხვა გუნდების სიაშიც. გაგნიძემ იცის, რომ კარგი პოტენციალი აქვს განვითარებისთვის, ისევე როგორც საქართველოში ბევრ ფეხბურთელს“, - წერს დი მარციო.
დიდი ალბათობით, "იუვენტუსის" მხრიდან ინტერესი 23-წლამდე გუნდისთვის არსებობს, რომელიც ტურინელებმა 3 წლის წინ დაარსეს და ერთადერთი იტალიური კლუბია, რომელსაც დუბლები პროფესიონალურ დონეზე ჰყავს. "იუვეს" 23-წლამდე გუნდი სერია C-ში თამაშობს და ახალგაზრდა ფეხბურთელებს ხშირად მთავარ გუნდთან ვარჯიში უწევთ, რამდენიმე მათგანი კი, მაგალითად, ჯანლუკა ფრაბოტა, ნიკოლო ფაჯიოლი და რადუ დრაგუშინი (მას ცოტა ხსნის წინ 2025 წლამდე გაუხანგრძლივეს მთავარ გუნდში კონტრაქტი) მთავარ გუნდში დააწინაურეს. აღსანიშნავია, რომ ანდრეა პირლო ზაფხულში სწორედ 23-წლამდე გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, მაგრამ ერთ კვირაში მთავარი გუნდი ჩააბარეს.
შეგახსენებთ, რომ ლუკა გაგნიძე „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია და 18 წლის ნახევარმცველს მთავარ გუნდში დებიუტი გასულ სეზონში ჰქონდა, მიმდინარე სეზონში კი ეროვნულ ლიგაში 8 მატჩში 1 გოლი გაიტანა.