ფეხბურთი

11:52 | 15.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

იურგენ კლოპი: „ეს ბრძოლა ჩვენ მადრიდში წავაგეთ“

ოთხშაბათ საღამოს, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში, „ლივერპულმა“ ვერ შეძლო მადრიდის „რეალის“ დამარცხება (0:0) და რადგან პირველი შეხვედრა წაეგო (1:3), ტურნირს გამეორთიშა.

„წითლების“ ოფიციალური ვებ-გვერდის ჟურნალისტებმა მატჩის შემდეგ მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს ინტერვიუ ჩამოართვეს, რომელსაც მცირე შემოკლებით გთავაზობთ.

-როგორ შეაფასებდით თამაშს?

-კარგად დავიწყეთ და სწრაფი გოლის გატანაც შეგვეძლო, მაგრამ ასე არ მოხდა. ამჯერად უკეთ ვითამაშეთ, გაცილებით უკეთ, ვიდრე ერთი კვირის წინ მადრიდში. ასე გეტყვით: ჩვენ ეს ორთაბრძოლა მადრიდში წავაგეთ და არა ლივერპულში.

„რეალის“ დიდი გამოცდილების გათვალისწინებით, გატანა ძალიან რთული გახლდათ. მეტოქე ბურთს აკონტროლებდა და კონტრშეტევების შანსი ეძლეოდა. თუმცა, მგონია, რომ არც ჩვენ გამოვიყურებოდით ურიგოდ. ეგ არის, მთავარი - გოლების გატანა ვერ მოვახერხეთ.

-როგორ აისახება ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნა „ლივერპულის“ ახლო მომავალზე?

-ჩვენ გვინდა მივიღოთ ის, რასაც ვიმსახურებთ. ვერ გავედით ნახევარფინალში და ეს ფაქტია. როგორც გითხარით, სწრაფი გოლი რომ გაგვეტანა, შეიძლება ყველაფერი სხვაგვარად დამთავრებულიყო, მაგრამ არ გამოვიდა.

თუმცა, ისიც ცხადია, რომ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნა არაფერ შუაშია პრემიერლიგასთან, სადაც ასევე არ გვაქვს იდეალური მდგომარეობა.

ახლა მთელი ყურადღება საშინაო ამბებს უნდა დავუთმოთ. ორშაბათს „ლიდსთან“ გვიწევს თამაში. რა უნდა ვთქვა? ისინი ხომ ყველანაირი ფიზიკური მაჩვენებლებით ლიდერობენ პრემიერლიგაში. მათი ყოველი მოწინააღმდეგე მზად უნდა იყოს ბევრი სირბილისთვის.

მანამდე რამდენიმე დღე გვაქვს და ვეცდებით კარგად მოვემზადთ.

-ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის შანსი დაგრჩათ?

-უნდა ჩავხედოთ ცხრილს, დავთვალოთ ქულები და გავაანალიზოთ ვისთან გვიწევს შეხვედრები. დიახ, ძალიან გვინდა მომავალ სეზონშიც ვითამაშოთ ამ ტურნირში, მაგრამ ამისათვის კარგად მომზადებაა საჭირო.

ასე ვიტყვი: დღევანდელ ჩვენს მდგომარეობას ცუდს ვერ დავარქმევდი. გასულ ტურში, გვიანი გოლის მიუხედავად, „ასტონ ვილასთან“ ურიგოდ არ გავრჯილვართ. კარგად გამოვიყურებოდით „არსენალთან“ შეხვედრაშიც.

ახლა ბრძოლის გაგრძელებაა საჭირო. აუცილებლად უნდა მოვხვდეთ ოთხეულში, რათა ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვოთ. ჩვენ „ლივერპული“ ვართ და გვიყვარს ეს ტურნირი.

-როგორ ფიქრობთ, ვინ მოიგებს წლეულს ლიგას?

-სიმართლე გითხრათ, ჩემთვის სულ ერთია. ნახევარფინალში ძალიან ძლიერი გუნდები გავიდნენ და გამარჯვებული, ვფიქრობ, დამსახურებულად ირგუნებს ამ ჯილდოს.

0.150916