ფეხბურთი

1:17 | 15.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლას პირველი ნახევარფინალი "სიტიში" და "რეალის" დაბრუნება ოთხეულში

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპი დასრულდა და შესაბამისად ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობია. „პარი სენ ჟერმენსა“ და „ჩელსის“ მადრიდის „რეალი“ და „მანჩესტერ სიტი“ შეუერთდნენ.

„რეალმა“ ერთი კვირის წინ „ლივერპულთან“ შინ მოპოვებული უპირატესობა (3:1) კბილებით დაიცვა და „ენფილდ როუდზე“ სასურველ შედეგს მიაღწია. ზინედინ ზიდანის წვლილი ძალიან დიდია - მას აღარ აქვს ძველებური რესურსი, მაგრამ ძალიან კარგად გადააწყო გუნდი და „სამეფო კლუბი“ პრაგმატულ მანქანად აქცია, რომელმაც ძალიან კარგად იცის შედეგზე თამაში.

ამრიგად, „ლივერპულთან“, რომელსაც ძალიან ცუდი სეზონი აქვს მთლიანობაში ესპანელებმა სასურველ ანგარიშს დიდი დანაკლისის მიუხედავად საკმაოდ ადვილად მიაღწიეს და საბოლოოდ ნულოვანი ფრე, რამაც „რეალი“ ნახევარფინალში 3 წლის შემდეგ დააბრუნა, ხოლო „ლივერპული“ პრემიერლიგის ამარა დატოვა და „წითლებს“ ახლა მხოლოდ იმაზე ზრუნვა მოუწევთ, რომ მომდევნო სეზონში ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვონ, რადგან პრემიერლიგაში თავი ქუდში ნამდვილად არ აქვთ. „რეალი“ კი ლა ლიგაში ჩემპიონობის პარალელურად ჩემპიონთა ლიგასაც უტევს და მორიგი წინაღობაც ინგლისურია - „ჩელსი“.

ნახევარფინალში პრემიერლიგა მაინც სოლიდურად იქნება წარმოდგენილი. „ჩელსის“ გარდა საუკეთესო ოთხეულშია „მანჩესტერ სიტი“, რომელმაც „დორტმუნდს“ მეორე თამაშიც მოუგო. პეპ გვარდიოლას გუნდს გაუჭირდა და ნერვიულობაც მოუწია, მაგრამ კლასმა თავისი გააკეთა. ჯუდ ბელინგემის გოლით გერმანელებმა ტაიმი მოიგეს და იმ ანგარიშით ნახევარფინალშიც გადიოდნენ, მაგრამ მეორე ნახევარში „სიტიმ“ რიად მაჰრეზისა და ფილ ფოდენის გოლებით ზუსტად ისე მოიგო, როგორც ინგლისში.

„მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ისტორიაში მეორედ გავიდა. პირველად პეპ გვარდიოლას თავკაცობით, არადა, პეპი „სიტის“ უკვე მეხუთე სეზონია ავარჯიშებს, მაგრამ აქამდე ნახევარფინალი მისთვის საოცნებო იყო, იმის მიუხედავად, რომ კლუბში ძალიან დიდი ფინანსური ინვესტიცია განხორციელდა. „ქალაქელები“ ნახევარფინალში ფინალის საგზურისთვის „პარი სენ ჟერმენს“ დაუპირისპირდებიან.

„ლივერპული“ – „რეალი“ 0:0 (0:0)

ლივერპული, „ენფილდ როუდი“

„ლივერპული“ (4-3-3): ალისონი; ალექსანდერ-არნოლდი, ფილიპსი, ქაბაქი (დიოგო ჟოტა 60), რობერტსონი; ვეინალდუმი, ფაბინიო, მილნერი (ტიაგო ალკანტარა 60); სალაჰი, ფირმინო (შაქირი 82), მანე (ოქსლეიდ-ჩემბერლენი 82)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

„რეალი“ (4-3-3): კურტუა; ვალვერდე, მილიტაო, ნაჩო, მენდი; მოდრიჩი, კაზემირო; კროოსი (ოდრიოსოლა 72); ასენსიო (ისკო 82), ბენზემა, ვინისიუსი (როდრიგო 72)

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

გოლები:

გაფრთხილება: რობერტსონი (25), ფილიპსი (59) - კაზემირო (25)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (5) – 4 (3) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 11:3 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ნიდერლანდები)

„დორტმუნდი“ – „მანჩესტერ სიტი“ 1:2 (1:0)

დორტმუნდი, „სიგნალ იდუნა პარკი“

„დორტმუნდი“ (4-3-3): ჰიტცი; მური (ტიგესი 81), აკანჯი, ჰუმელსი, გერეირო; ბელინგემი (ბრანდტი 80), ემრე ჯანი, დაუდი (აზარი 75); კნაუფი (რეინა 68), ჰოლანდი, როისი

მწვრთნელი: ედინ ტერზიჩი

„მანჩესტერ სიტი“ (4-3-3): ედერსონი; უოლკერი, სტოუნსი, რუბენ დიაში, ზინჩენკო; დე ბრუინი, როდრი, გიუნდოგანი; მაჰრეზი (სტერლინგი 86), ბერნარდო სილვა; ფოდენი

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

გოლები: 1:0 ბელინგემი (15), 1:1 მაჰრეზი (55, პენ), 1:2 ფოდენი (75)

გაფრთხილება: ბელინგემი (40)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 6 (3) – 11 (5) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 2:11 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: კარლოს დელ სერო გრანდე (ესპანეთი)

0.128258