უეფამ შესაძლოა სტუმრად გატანილი გოლის წესი გააუქმოს, ოღონდ მხოლოდ დამატებით დროში. როგორც ბრიტანული გამოცემა The Sun-ი წერს, ეს საკითხი დღის წესრიგში სერიოზულად დგას.
მოსალოდნელია, რომ უეფაში ამის შესახებ პარასკევს დაგეგმილ აღმასკომის სხდომაზე იმსჯელებენ. გადაწყვეტილების დამტკიცების შემთხვევაში სტუმრად გატანილი გოლის წესი ძალაში დარჩება 90 წუთის განმავლობაში, მაგრამ თუ დამატებითი დრო დაინიშნება, ავტომატურად ანულირდება და გუნდები თანაბარ მდგომარეობაში იქნებიან.
ბოლო შემთხვევა, როდესაც დამატებით დროში გატანილი გოლი ამ წესის საფუძველზე გადამწყვეტი აღმოჩნდა, მარტში დაფიქსირდა. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „იუვენტუსი“ – „პორტუს“ ორივე შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით (2:1) დასრულდა, ხოლო დამატებით დროში გუნდებმა თითო გოლი გაიტანეს და შედეგად სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობით მომდევნო ეტაპზე „პორტუ“ გავიდა.