მონტე კარლოს მასტერსის ჩემპიონმა, იტალიელმა ფაბიო ფონინიმ თავისი ტიტულის დაცვა წარმატებით დაიწყო - სერბი მიომირ კეჩმანვიჩი 6-2, 7-5 დაამარცხა. ტურნირს თამაშის გარეშე გამოეთიშა მეორე ნომრად განთესილი რუსი დანიილ მედვედევი, ვისაც კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა.
მე-15 ნომრად განთესილ ფონინის თავისი კამპანია ორშაბათს უნდა დაეწყო, მაგრამ წვიმის გამო, მისი შეხვედრა გადაიდო. მან მონტე კარლოს ტურნირი, რომელიც შარშან არ გამართულა, 2019 წელს მოიგო და ეს 33 წლის სანრემოელის კარიერაში ყველაზე დიდი წარმტებაა.ა
„ეს ტურნირი ჩემთვის განსაკუთრებულია, რადგან აქვე, სან რემოში დავიბადე, აქ 14 წლიდან ვვარჯიშობდი და აქაურობასთან ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს“, - ამბობს ჩოგბურთელი, ვისაც მეორე წრეში, ავსტრალიელ ჯორდან თომპსონთან შეხვედრა ელის.
მეორე წრეში გავიდა იტალიელი თინეიჯერი იანიკ სინერიც, ვინც ახლახანს მაიამის მასტერსის ფინალში ითამაშა. სინერმა 6-3, 6-4 დაამარცხა მონტე კარლოს ტურნირის 2017 წლის ვიცე ჩემპიონი, ესპანელი ალბერტ რამოს-ვინოლასი. მეორე წრეში კი ურთულეს გამოცდას თვით ნოვაკ ჯოკოვიჩთან შეხვედრაში ჩააბარებს.
ჯოკოვიჩისთვის ეს პირველი თამაში იქნება მას შემდეგ, რაც ავსტრალიის ღია პირველობა მეცხრედ მოიგო. ტურნირზე ითამაშებს მსოფლიოს მეორე ჩოგანი რაფაელ ნადალიც, ვისაც ზურგის ტრავმა აწუხებდა, მაგრამ მოირჩინა და მზადაა, მონტე კარლოს მასტერსის მე-12 ტიტულისთვის იბრძოლოს.