თბილისის "საბურთალომ" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ლევან კორღალიძის წასვლა ოფიციალურად დაადასტურა. ქართველმა სპეციალისტმა გუნდის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო და მიზეზად წარუმატებელი შედეგები დაასახელა.
“გადაწყვეტილება ერთ დღეში არ მიმიღია, კარგა ხნის ნაფიქრი მქონდა. არ იყო იოლი ამ ყველაფერთან შეგუება, მაგრამ… “საბურთალო” ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის იბრძვის, ჩვენ კი რვა მატჩში 5 ფრე გვქონდა ნათამაშები. დღევანდელი გადასახედიდან ვფიქრობ, რომ ორივე მხარისთვის ასე ჯობდა.
“საბურთალო” იყო, არის და იქნება ჩემს გულში. უკლებლივ ყველას მადლიერი ვარ, განსაკუთრებით კი კლუბის ხელმძღვანელების, რომლებიც ყველანაირ კომფორტს მიქმნიდნენ და გვერდში მედგნენ. “ბენდელაზე” მისვლისას მწვრთნელებისგან, ფეხბურთელებისგან თუ ნებისმიერი პერსონალისგან სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობდი. მინდა “საბურთალოს” მომავალში წარმატებები ვუსურვო”, - თქვა კორღალიძემ.
შეგახსენებთ, ლევან კორღალიძე „საბურთალოს“ 2020 წლიდან წვრთნიდა. მიმდინარე სეზონში ეროვნულ ლიგაში თბილისელებმა რვა ტურში მხოლოდ ორი გამარჯვება მოიპოვეს, თუმცა მხოლოდ ერთხელ წააგეს, ხოლო ხუთჯერ ფრე ითამაშეს და 11 ქულით მეხუთე პოზიციას იკავებენ.