„ალპინის“ აღმასრულებელი დირექტორი მარსინ ბუდკოვსკი დარწმუნებულია, რომ „მერსედესი“ პრობლემებს სწრაფად მოაგვარებს და კვლავ ლიდერის პოზიციას დაიბრუნებს.
სამქიმიანებმა ბაჰრეინის რბოლის კვალიფიკაციაზე, „რედ ბულთან“ დაახლოებით წამის ოთხი მეათედი წააგეს. მანქანამ ჩაჭიდება რეგლამენტის ცვლილების გამო დაკარგა. ახალი რეგლამენტის შესაბამისად, გადასაკეთებელი გახდა ძირის უკანა ნაწილი და უკანა დიფუზორი. და ეს საქმე „მერსედესს“ „რედ ბულზე“ უარესად გამოუვიდა.
მაგრამ პირველ ორ რბოლას შორის სამკვირიანი პაუზა, რომელსაც მომდევნო რბოლამდე კიდევ ორკვირიანი შუალედი ემატება, ჩემპიონებს პრობლემის მოგვარების საშუალებას აძლევს. და ბუდკოვსკი დარწმუნებულია, რომ გერმანული გუნდი ამ შანსს კარგად გამოიყენებს.
„აშკარაა, რომ რედ ბული წინაა და მერსედსიც ბევრით არ ჩამორჩება. ამ მომენტში ისინი უკან არიან, მაგრამ ძალიან გამიკვირდება, თუ ორ-სამ რბოლაში სიტუაცია არ შეიცვლება. იმიტომ, რომ ეს დიდი, კარგად ჩამოყალიბებული გუნდია. მათ აქვთ პრობლემები, რომლებსაც აუცილებლად მოაგვარებენ“, - ამბობს ბუდკოვსკი.
თვითონ „მერსედესი“ აღიარებს, რომ „რედ ბულის“ ამ სეზონში დაწევა შესაძლოა ვერც მოხერხდეს. და ეს იმის გამო, რომ მანქანის სრულყოფაზე ახალი შეზღუდვებია, რომლებიც გუნდებს სეზონის დროს პრობლემების მოგვარებას ურთულებს. გარდა ამისა, გუნდებს ახალი რეგლამენტის შესაბამისად, მომავალი სეზონისთვის სრულად ახალი ავტომობილების მოსამზადებლად მუშაობაც მოუწევთ, რაც მათს რესურსებს ამცირებს.
ბუდკოვსკი ფიქრობს, რომ „რედ ბულის“ და „მერსედესის“ უკან, რამდენიმე კარგი გუნდია, რომლებს შორისაც დიდი სხვაობა არაა. ის „მკლარენს“ და „ალფატაურის“ გამოჰყოფს და ამბობს, რომ „ფერარიც“ აუცილებლად მოუმატებს. ამ სამეულის უკან, თავის გუნდს და „ასტონ მარტინს“ აყენებს და ფიქრობს, რომ არც „ალფა რომეოა“ შორს.