იტალიის სერია A-ს 30-ე ტური სამი მატჩით დაიწყო და ყველაზე საინტერესო, „ენიო ტარდინიზე“, „პარმასა“ და „მილანისა“ დაპირისპირება იყო.
ბოლო დროს „როსონერი“ არასტაბილურად ირჯებოდა და მიუხედავად მეორე ადგილზე ყოფნისა, ჩემპიონთა ლიგის საგზური ჯიბეში ჯერ იდევ არ უდევს. ამიტომაც, „პარმასთან“ შეხვედრაში სტეფანო პიოლის გუნდს გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა.
უნდა აღინიშნოს, რომ „მილანს“ „სან სიროზე“ უჭირს, თორემ სტუმრად პრაქტიკულად ქულას არ კარგავს და საგარეო მატჩებში სეზონში საუკეთესო შედეგი აქვს. ეს ემილიაშიც დამტკიცდა, სადაც პირველივე ტაიმში პრაქტიკულად ყველაფერი გაირკვა. ანტე რებიჩისა და ფრანკ კესის გოლებით შავ-წითლებმა სერიოზული უპირატესობა მოიპოვეს. სხვათა შორის, კესიმ სეზონში მე-10 გოლი გაიტანა და 2008-2009 წლების სეზონის შემდეგ "მილანის" პირველი ნახევარმცველია, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია.
მე-60 წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩი მსაჯთან კამათის გამო გააძევეს და შვედი ფორვარდის გარეშე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილ ლომბარდიელებს ნერვიულობა მოუწიათ. ამას ისიც დაემატა, რომ 8 წუთში „პარმამ“ ერთი გოლი გაქვითა და თამაში დაიძაბა. თუმცა, მასპინძლებმა რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოიყენეს, მეტიც, მსაჯის კომპენსირებულ დროში რაფაელ ლეაომ კონტრშეტევაზე მესამე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამრიგად, „მილანმა“ 63 ქულა დააგროვა და მეორე ადგილს 30-ე ტურის დასრულების შემდეგაც უსათუოდ შეინარჩუნებს.
„სპეცია“ – „კროტონე“ 3:2 (0:1)
გოლები: 0:1 კოფი ჯიჯი (40), 1:1 ვერდე (63), 1:2 სიმი (78), 2:2 მაჯორე (89), 3:2 ერლიჩი (90)
„პარმა“ – „მილანი“ 1:3 (0:2)
გოლები: 0:1 რებიჩი (8), 0:2 კესი (44), 1:2 გალიოლო (66), 1:3 ლეაო (90)
„უდინეზე“ – „ტორინო“ 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 ბელოტი (61, პენ)