ფეხბურთი

21:47 | 10.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რუბინის" დირექტორი: "ხვიჩას მშვიდად ყოფნა სჭირდება, ეს მხოლოდ სპეკულაციებია"

ყაზანის „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა რუსულ მედიაში ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე კომენტარი გააკეთა. კერძოდ, მას მერე, რაც იტალიურ პრესაში დაიწერა, რომ დაინტერესებული გუნდების სიას „ინტერი“ და „ატალანტა“ შეუერთდნენ.

საიმანოვმა ეს ცნობა კატეგორიულად უარყო და ამჯერად საკმაოდ პირდაპირი განცხადებები გააკეთა:

„კლუბს არანაირი შეთავაზება არ მიუღია, ეს ყველაფერი სპეკულაციაა. რას ნიშნავს „რუბინმა“ ხვიჩა 15-20 მილიონ ევროდ შეაფასა? როგორ შეიძლება ის შევაფასოთ, როცა ჩვენთან წინადადებით არავინ მოსულა? არც „ატალანტა“ და არც „ინტერი“. სხვა საქმეა თუ ფეხბურთელის მიმართ ინტერესის შესახებ მოგვმართავენ, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. ბიჭი ცოდოა. ხვიჩას ამ ჭორებით თავბრუ დაახვიეს, შექმნეს აჟიოტაჟი, მაგრამ მას მშვიდად თამაში სჭირდება. ეს აჟიოტაჟი კი მისთვის კარგი ნამდვილად არ არის, ჩვენ პირველ რიგში მასზე ვფიქრობთ“, - თქვა საიმანოვმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ქართველმა შემტევმა რუსეთის პრემიერლიგის 21 მატჩში თავი 4 გოლით, 4 საგოლე პასით და მოპოვებული 4 პენალტით გამოიჩინა. საქართველოს ნაკრებშიც ბრწყინვალე სტატისტიკა აქვს - 8 თამაში, 3 გოლი, 1 საგოლე პასი და 1 მოპოვებული პენალტი. მას რუსულ გუნდთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

0.138639