ფეხბურთი

18:30 | 9.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "ბარსელონასთან" და "კადისთან" გამარჯვებაში განსხვავება არაა"

ესპანეთის ლა ლიგის 29-ე ტურში მადრიდის „რეალი“ „ბარსელონას“ უმასპინძლებს. „ელ კლასიკოს“ წინ ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ შედეგის მიუხედავად, ჩემპიონობისთვის ბრძოლა ბოლო ტურამდე გაგრძელდება.

ზიდანის განცხადებით, ჩემპიონატის ეგიდით „ბარსელონასთან“ გამარჯვება არაფრითაა განსხვავებული მაგალითად „კადისთან“ გამარჯვებისგან.

„მორიგი მატჩისთვის ჩვეულებრივად ვემზადებით. ვაგრძელებთ ბრძოლაში ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე, ყველა ტურნირზე კარგად გამოსვლა გვინდა. „ატლეტიკოს“ აქვს ჩვენთან უპირატესობა, რადგან ლიდერია, მაგრამ როგორც არ უნდა დასრულდეს „ბარსელონასთან“ თამაში, ჩემპიონობისთვის ბრძოლა ბოლო ტურამდე გაგრძელდება. ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია ჩემპიონობა და ძალიან კარგია, რომ ჩემპიონატი ასეთი კონკურენტუნარიანია.

მესმის „ელ კლასიკოს“ მნიშვნელობა, თუმცა ჩემპიონატში „ბარსელონასთან“ მომოპოვებული 3 ქულა არაფრით განსხვავდება „კადისთან“ ან „ეიბართან“ მოპოვებული 3 ქულისგან. ამიტომ, ჩვენი მთავარი ამოცანაა 3 ქულა და ვეცდებით ამის მიღწევას. მაგრამ, წაგებული გუნდის შემთხვევაში არ უნდა ვიფიქროთ, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა დაასრულა, ის ბოლო ტურამდე იბრძოლებს.

ნამდვილად მაქვს იმედი, რომ სერხიო რამოსიც და მესიც მომდევნო სეზონშიც „ელ კლასიკოში“ ითამაშებენ. ვფიქრობ, რომ რამოსი „რეალში“ დარჩება, „ბარსელონაში“ მესის ყოფნა კი არამარტო ჩვენი მატჩების, არამედ საერთოდ ლა ლიგის ინტერესს იწვევს“, - თქვა ზიდანმა.

შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „ბარსელონას“ მატჩი 10 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. 29 ტურის შემდეგ „ატლეტიკო“ „ბარსას“ ერთი, ხოლო თანაქალაქელებს 3 ქულით უსწრებს.

0.11139