ჩოგბურთი

1:52 | 9.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ეშლი ბარტიმ თიხის კორტების სეზონი იოლი გამარჯვებით დაიწყო

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ავსტრალიელმა ეშლი ბარტიმ, თიხნარი კორტების სეზონი, ჩარლსტონის (აშშ) ტურნირზე მოპოვებული იოლი გამარჯვებით დაიწყო. მან იაპონელ მისაკი დოის 6-2, 6-1 მოუგო. ბარტისთვის, ვინც საფრანგეთის ღია პირველობის 2019 წლის ჩემპიონია, ეს თიხის საფარიან კორტზე, თითქმის ორ წელიწადში მოპოვებული პირველი გამარჯვებაა.

„კორტის შეცვლისას, გარდამავალი პერიოდი გაქვს. მაიამის შემდეგ, სულ რამდენიმე საათით ვარჯიში მოვასწარი. იმედი მქონდა, რომ არ წავიბორძიკებდი. მიხარია, რომ ასეც მოხდა“, - განაცხადა ბარტიმ, ვინც მეტოქეს ბოლო 11-დან 10 გეიმი მოუგო.

ავსტრალიელი მეოთხედფინალის საგზურისთვის, ამერიკელ შელბი როჯერსს დაუპირისპირდება, რომელმაც მე-13 ნომრად განთესილი ამერიკელი ამანდა ანისიმოვა 1-6, 7-5, 6-3 დაამარცხა.

ტურნირს მეორე ნომრად განთესილი ამერიკელი სოფია კენინი გამოეთიშა, ვისაც 4-6, 6-3, 6-4 მოუგო ამერიკელმა ლორენ დევისმა. მესამე სეტში, როდსაც ანგარიში თანაბარი იყო, ავსტრალიის ღიას ყოფილმა ჩემპიონმა რამდენიმე შეცდომა დაუშვა და მეტოქეს თამაშის მოგებაში შეუწყო ხელი.

„მივხვდი, რომ მაღალი ბურთები მაინც და მაინც არ მოსწონს და ამით კარგად ვისარგებლე. ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ შევაფასე სიტუაცია და შესაბამისად განვეწყვე“, - განაცხადა დევისმა.

აშშ-ის ღია პირველობის ყოფილმა ჩემპიონმა, ამერიკელმა სლოან სტივენსმა, ჩარლსტონის ტურნირის მოქმედ ჩემპიონს, თანამემამულე მედისონ კეისს 6-4, 6-4 მოუგო. კეისმა ჩარლსტონის „ვოლვო ქარზ ოუპენი“ 2019 წელს მოიგო, შარშან კი ტურნირი კორონავირუსის პანდემიის გამო არ ჩატარდა.

0.12099