ტურინის „იუვენტუსმა“ „ნაპოლისთან“ სერია A-ს მესამე ტურის გადადებული შეხვედრა კრიშტიანუ რონალდუსა და პაულო დიბალას გოლებით მოიგო. ანდრეა პირლომ კი, რომელსაც გათავისუფლება ემუქრებოდა, თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც 41 წლის სპეციალისტმა თქვა, მან სეზონის მიმდინარეობისას ბევრი შეცდომა დაუშვა, რომელიც მომავალში გამოადგება.
„ბევრი არასწორი რამ გავაკეთე, მაგრამ ისევ გავიმეორებდი. მწვრთნელის რანგში პირველი წელი ადვილი არ არის, ზოგჯერ კარგად გამოგდის საქმის კეთება, ზოგჯერ შეცდომას უშვებ, მაგრამ ყველაფერი საჭიროა მომავლისთვის. შევცდი, როგორც ყველა ადამიანი ცდება. ჩემპიონთა ლიგის მატჩების ყურება გაგვაბრაზა, რადგან თავისუფლბად შეიძლებოდა, ახლა იქ ჩვენ ვყოფილიყავით.
სერია A-ში ბევრი ქულა დავკარგეთ, უმეტესად ისეთ მატჩებში, რომლებიც მოსაგები იყო. ვფიქრობდით, რომ სატურნირო ცხრილში ჩვენს ქვემოთ მყოფილი გუნდების წინააღმდეგ ყველაფერი ადვილი იქნებოდა და საპასუხოდ მათ ქულები წაგვართვეს“, - თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, „იუვენტუსს“ სეზონის დასრულებამდე 9 ტურით ადრე მესამე ადგილი უკავია და მეორეადგილოსან „მილანს“ ერთადერთი ქულით ჩამორჩება, ხოლო ლიდერ „ინტერთან“ სხვაობა ძალიან დიდია - 12 ქულა.