ფეხბურთი

1:04 | 7.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

"სიტი" გადარჩა, "რეალმა" სერიოზული განაცხადი გააკეთა

უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე საინტერესო ფაზა დაიწყო და მეოთხედფინალურმა ეტაპმა სტარტი აიღო. პირველ სათამაშო დღეს ორი მატჩ გაიმართა და ორივე ძალზე საინტერესო გამოდგა. დაფიქსირებული შედეგები კი გვეუბნება, რომ ყველაფერი საპასუხო მატჩებში გადაწყდება.

დღის ცენტრალურ დაპირისპირებაში „რეალმა“ „ლივერპულს“ უმასპინძლა და უშანსოდ დატოვა. ზინედინ ზიდანმა იურგენ კლოპს აშკარად მოუგო დუელი და საპასუხო თამაშის წინ ნამდვილად კომფორტული უპირატესობა შეიქმნა. ყველაფერზე ერთი სტატისტიკა მეტყველებს: „ლივერპულმა“ მეტოქის კარში ერთადერთხელ დაარტყა!

პირველმა ტაიმმა მთლიანად „სამეფო კლუბის“ უპირატესობით ჩაიარა და მადრიდელებმა ორი გოლიც გაიტანეს. ჯერ იყო და ტონი კროოსის გასაოცარი პასით ვინისიუსმა ანგარიში გახსნა, ხოლო მერე ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის კატასტროფული მოქმედებით მარკო ასენსიომ ისარგებლა და სხვაობა ორამდე გაზარდა. ნაანტრაქტევს „ლივერპული“ ოდნავ გამოფხიზლდა და 51-ე წუთზეუმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა, რამაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ წყვილს ინტრიგა დაუტოვა. თავი მოჰამედ სალაჰმა გამოიჩინა და სხვაობა შეამცირა.

თუმცა, ეს უფრო კონტექსტიდან ამოგლეჯილი ეპიზოდი იყო, რადგან „რეალი“ თამაშს ისევ სრულად აკონტროლებდა და დამსახურებულად მალევე მესამე გოლიც გაიტანა. ალისონი ისევ ვინისიუსმა დაამწუხრა და როგორც გაირკვა საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 3:1.

ამრიგად, მადრიდის „რეალს“ საკმაოდ კარგი უპირატესობა აქვს, მაგრამ მისი მეტოქე „ლივერპულია“, რომლის ჩამოწერა ნამდვილად არ იქნება სწორი და ყველაფერი ერთ კვირაში ინგლისში გადაწყდება.

„რეალი“ – „ლივერპული“ 3:1 (2:0)

მადრიდი, „ალფრედო დი სტეფანო

„რეალი“ (4-3-3): კურტუა; ვასკესი, მილიტაო, ნაჩო, მენდი; კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი; ასენსიო (ვალვერდე 70), ბენზემა, ვინისიუსი (როდრიგო 81)

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

„ლივერპული“ (4-3-3): ალისონი; ალექსანდერ-არნოლდი, ფილიპსი, კაბაკი (ფირმინო 81), რობერტსონი; კეიტა (ტიაგო ალკატარა 42), ფაბინიო, ვეინალდუმი; სალაჰი, დიოგო ჟოტა (შაქირი 81), მანე

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლები: 1:0 ვინისიუსი (27), 2:0 ასენსიო (36), 2:1 სალაჰი (51), 3:1 ვინისიუსი (65)

გაფრთხილება: ვასკესი (49) - მანე (39), ტიაგო ალკანტარა (56), ალექსანდერ-არნოლდი (83)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (6) – 4 (1) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 5:3 თამაშგარე: 3:0

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

დღის მეორე მატჩში „მანჩესტერ სიტიმ“ დორტმუნდის „ბორუსიას“ უმასპინძლა და აშკარა ფავორიტი იყო. თუმცა, პეპ გვარდიოლას გუნდს ჩემპიონთა ლიგის ამ სტადიაზე ფავორიტის რანგში სამარცხვინო მარცხი არაერთხელ განუცდიათ და სიფრთხილე საჭირო იყო.

რა იქნება საპასუხო მატჩში, არავინ იცის, მაგრამ ფაქტია, „სიტის“, რომელიც დიდი ხანია ქვას ქვაზე არ ტოვებს, ძალიან გაუჭირდა. არადა, ყველაფერი კარგად დაიწყო ინგლისური გუნდისთვის და სწრაფადვე კევინ დე ბრუინმა ანგარიში გახსნა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ „დორტმუნდიც“ შესანიშნავად გამოიყურებოდა და რიგ ეპიზოდებში მეტოქეს აწუხებდა. ამან შედეგი 84-ე წუთზე გამოიღო და მარკო როისმა წონასწორობა აღადგინა.

ცხადია, 1:1-ით გერმანიაში ჩასვლა „სიტისთვის“ არც ისე კარგი პერსპექტივა იქნებოდა, მაგრამ ფილ ფოდენმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უნიჭიერესი და შეიძლება ითქვას, უკვე სუპერფეხბურთელია. ინგლისელმა ბოლო წუთზე გაიტანა და „ქალაქელებმა“ 2:1 მოიგეს. თუმცა, ცხადია, ჯერ გარკვეული არაფერია და ყველაფერი საპასუხო მატჩში უნდა გაირკვეს.

„მანჩესტერ სიტი“ – „დორტმუნდი“ 2:1 (1:0)

მანჩესტერი, „ეტიჰად სთედიუმი“

„მანჩესტერ სიტი“ (4-2-3-1): ედერსონი; უოლკერი, სტოუნსი, დუბენ დიაში, კანსელუ; როდრი, გიუნდოგანი; მაჰრეზი, დე ბრუინი, ფოდენი; ბერნარდო სილვა (გაბრიელ ჟესუსი 59)

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

„დორტმუნდი“ (4-3-3): ჰიტცი; მური (მუნიე 81), აკანჯი, ჰუმელსი, გერეირო; ბელინგემი, ემრე ჯანი, დაუდი (დელანი 81); კნაუფი (რეინა 63), ჰოლანდი, როისი

მწვრთნელი: ედინ ტერზიჩი

გოლები: 1:0 დე ბრუინი (19), 1:1 როისი (84), 2:1 ფოდენი (90)

გაფრთხილება: ემრე ჯანი (30), ბელინგემი (37)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (5) – 4 (3) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 4:2 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: ოვიდიუ ჰაცეგანი (რუმინეთი)

0.360247