ფეხბურთი

10:24 | 6.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: კულმინაციური ფაზა იწყება

სამკვირიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება. მეოთხედფინალური ეტაპი სტარტს ორი სუპერმატჩით აიღებს, მაგრამ დღის ცენტრალური თამაში მაინც მადრიდშია დაგეგმილი, სადაც „რეალი“ „ლივერპულს“ დაუხვდება.

ორივე გუნდს მიმდინარე სეზონი არც ისე დადებითი ჰქონდა და ბევრი პრობლემაც შეექმნათ, მაგრამ თუ ბოლო პერიოდს გადავხედავთ, სიტუაცია რადიკალურად გამოსწორდა და ახლა ისეთი მძიმე მდგომარეობა აღარ არის, როგორც მაგალითად წლის დასაწყისში იყო. ამრიგად, ამ წყვილისგან დიდი მოლოდინია და პრაქტიკულად შეუძლებელია ფავორიტის დასახელება.

მადრიდის „რეალს“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში სამი წელია არ უთამაშია. ზინედინ ზიდანის გუნდმა ბოლოს ამ სტადიაზე ტურინის „იუვენტუსი“ დაამარცხა, რომელსაც 2018 წელს ორი მატჩის ჯამში 4:3 აჯობა (3:0, 1:3). იმავე სეზონში „სამეფო კლუბი“ ფინალამდე მივიდა, სადაც სწორედ „ლივერპულს“ გაეჯიბრა და კიევში 3:1 დაამარცხა. მას შემდეგ იყო ორი ცუდი სეზონი, როდესაც მადრიდულმა გრანდმა მერვედფინალური ბარიერი ვერ დაძლია. თავის მხრივ, მეოთხედფინალს „ლივერპული“ ორწლიანი პაუზის მერე უბრუნდება, რადგან შარშან 1/8 ფინალში „ატლეტიკოსთან“ მარცხი განიცადა. სხვათა შორის, იურგენ კლოპის გუნდიც „რეალის“ დარად ბოლოს მეოთხედფინალში რომ იყო, ჩემპიონიც გახდა (2019 წელს).

„რეალი“ ჩემპიონთა თასის/ლიგის მეოთხედფინალში 36-ედ თამაშობს და წინა 35 შემთხვევაში ფანტასტიკური სტატისტიკა აქვს: 29-ჯერ მომდევნო ეტაპზე გავიდა და მხოლოდ 6-ჯერ გამოეთიშა ასპარეზობას. ბოლოს ეს 2003-2004 წლების სეზონში მოხდა, როცა „მონაკოსთან“ წააგო. მეორეს მხრივ, „ლივერპულმა“ მეოთხედფინალში 15 შესაძლებლობიდან 11-ჯერ იმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა, შესაბამისად ოთხჯერ ტურნირიდან გავარდა. ბოლო წარუმატებელი მეოთხედფინალური დუელი „ლივერპულს“ 2008-2009 წლების სეზონში „ჩელსისთან“ ჰქონდა (1:3, 4:4).

ეს გუნდები ორჯერ ფინალში შეხვედრიან. 1981 წელს ინგლისელებმა ალან კენედის გოლით მოიგეს, ხოლო 2018 წელს - ესპანელებმა. გარდა ამისა, 2014-2015 წლების სეზონში „რეალმა“ ჯგუფში ორჯერ იმარჯვა (1:0, 3:0), ხოლო 2008-2009 წლების მერვედფინალში „ლივერპული“ შეუჩერებელი იყო (1:0, 4:0).

„ლივერპულს“ ბოლო 7 საგარეო მატჩიდან 6 მოგებული აქვს, მაგრამ საშინაო მატჩებსაც თუ მივათვლით, უკანასკნელ 11 შეხვედრაში ექვსჯერ მარცხი განიცადა. „რეალი“ კი პირიქით უკვე 11 მატჩი ყველა ტურნირზე დაუმარცხებელია.

დღევანდელ მატჩში მასპინძლებს დანი კარვახალი, ედენ აზარი და სერხიო რამოსი ვერ დაეხმარებიან, ხოლო სტუმრები ჯო გომესის, ჯორდან ჰენდერსონის, ჟოელ მატიპის, ვირჯილ ვან დეიკისა და დივოკ ორიჯის გარეშე ითამაშებენ.

ზინედინ ზიდანი („რეალის“ მთავარი მწვრთნელი): „ჩვენთვის ეს ფინალია. წინ 180 წუთია, მაგრამ პირველ რიგში ხვალინდელ თამაშზე ვფიქრობთ, სხვას არაფერს ვუყურებთ. ვფიქრობ, „რეალს“ ნაკლებად აფასებენ. მე ნამდვილად ვენდობი ჩემს გუნდს და ვიცი, რისი შესაძლებლობა გვაქვს. ყოველდღიურად ვმუშაობთ და დამარცხების შემდეგ თავს არასდროს ვხრით. ყველაფრისთვის ვიბრძოლებთ, რთული მომენტები გვქონდა, ახლა კი უფრო ძლიერები ვართ. კლოპი შესანიშნავი და ძალია გამოცდილი მწვრთნელია. ამჟამად მისი ხანგრძლივი მუშაობის შედეგებს ვხედავთ“.

იურგენ კლოპი („ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი): „რეალი“ კარგ ფორმაშია და ძალიან გამოცდილი გუნდია. თუ ვინმემ იცის ჩემპიონთა ლიგის მოგება, ეს მადრიდის „რეალია“. ჩვენ გვინდა გულშემატკივრებს ვაჩვენოთ, რომ ჯერ კიდევ ბრძოლაში ვართ. გვინდა ამ სეზონიდან ის მივიღოთ, რაც შესაძლებელია, ახლა უკეთ დავიწყეთ თამაში და ბრძოლაში ვიმყოფებით. ჩემი გუნდი ამ ტიპის თამაშებისთვისაა აშენებული, ამიტომ შანსი გვაქვს. ყველა ამბობს, რომ „რეალი“ ფავორიტია, მაგრამ ამ გამოწვევის პრობლემა არ გვაქვს“.

სავარაუდო შემადგენლობები:

„რეალი“ (3-5-2): კურტუა; ნაჩო, ვარანი, მენდი; ვასკესი, მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი, მარსელო; ბენზემა, ასენსიო

„ლივერპული“ (4-3-3): ალისონი; ალექსანდერ-არნოლდი, ფილიპსი, კაბაკი, რობერტსონი; ტიაგო ალკანტარა, ფაბინიო, ვინალდუმი; სალაჰი, დიოგო ჟოტა, მანე

„მანჩესტერ სიტი“ – „დორტმუნდი“

დღის მეორე შეხვედრაში „მანჩესტერ სიტი“ საკუთარ კედლებში დორტმუნდის „ბორუსიას“ დაუხვდება და აშკარა ფავორიტია. ეს გასაკვირი არ არის, რადგან პეპ გვარდიოლას გუნდი უბრალოდ დაფრინავს და ნოემბრიდან მოყოლებული აბსოლუტურად ყველა თამაში მოიგო, გარდა ერთისა, როდესაც დერბიში „იუნაიტედთან“ წააგო. „ქალაქელები“ ბევრისთვის ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები არიან. „დორტმუნდში“ აბსოლუტურად საპირისპირო განწყობაა, რადგან ედინ ტერზიჩის გუნდმა წინა ეტაპზე „სევილია“ კი დაამარცხა და ერლინგ ჰოლანდიც დაფრინავს, მაგრამ მაინც არ არის ეს საკმარისი, რადგან ბუნდესლიგაში წარუმატებლად თამაშობს და ჩემპიონთა ლიგის ზონას 7 ქულით ჩამორჩება.

პეპ გვარდიოლას გუნდში საკადრო პრობლემები არ არის და „სიტის“ შეუძლია მოედანზე საუკეთესო შემადგენლობით გავიდეს, ხოლო „დორტმუნდს“ საკმაოდ სერიოზული დანაკლისი აქვს. გერმანელებს დღეს მუკოკო, სანჩო, შმელცერი, ვიტსელი და ზაგადუ ვერ დაეხმარებიან.

ეს გუნდები აქამდე ერთმანეთს ერთადერთხელ, 2012-2013 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ. მეორე ტურში მარიო ბალოტელიმ ბოლო წუთზე პენალტით ქულა გადაურჩინა „სიტის“ და მარკო როისის გოლი გაქვითა, ხოლო ბოლო ტურში გერმანელებმა შინ იულიან შიბერის გოლით 1:0 მოიგეს.

პეპ გვარდიოლა („მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი): „მანჩესტერში თუ არის ადამიანი, რომელიც დორტმუნდის „ბორუსიას“ კარგად იცნობს, ეს მე ვარ. ვიცი ამ კლუბის კულტურა და მათი თამაშის დეტალები. გუნდში არ არის ისეთი მოთამაშე, რომელსაც მაღალი დონის უნარები არ ექნება. „დორტმუნდი“ ბევრს ხარჯავს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე და ბევრს უხდის მათ აგენტებს ამ ახალგაზრდებთან კონტრაქტის გასაფორმებლად“.

ედინ ტერზიჩი („დორტმუნდის“ მთავარი მწვრთნელი): „სიტის“ ბურთის ფლობა უყვარს, მათ მოსწონთ მეტოქის დაღლა სივრცეების შექმნის მიზნით. ეს არის ამ დროისთვის მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გუნდი, წარმოუდგენელი ხარისხით. საინტერესო გამოწვევის წინაშე ვართ და ორივე მატჩში ჩვენი მაქსიმუმი უნდა ვაჩვენოთ. იმედგაცრუებულები ვართ, რომ ბოლო თამაში წავაგეთ და კრიტიკა, რომელიც მივიღეთ, სავსებით სამართლიანია. თუმცა, ჩვენ გვყავს ხარისხიანი გუნდი და ეს უნდა დავამტკიცოთ“.

სავარაუდო შემადგენლობები:

„მანჩესტერ სიტი“ (4-2-3-1): ედერსონი; უოლკერი, სტოუნსი, რუბენ დიაში, კანსელუ; როდრი, გიუნდოგანი; ფოდენი, დე ბრუინი, სილვა; სტერლინგი

„დორტმუნდი“ (4-3-2-1): ჰიტცი; ემრე ჯანი, აკანჯი, ჰუმელსი, გერეირო; დელანი, ბელინგემი, დაუდი; აზარი, როისი; ჰოლანდი

0.143381