ფეხბურთი

18:39 | 5.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო რამოსი: "ჩემი ყველაზე დიდი შეცდომაა, რომ მათ ტყუილის თქმის უფლება მივეცი"

მადრიდის „რეალის“ კაპიტანმა სერხიო რამოსმა გამოცემა As-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც მან „სევილიას“ ფანების მხრიდან მის მიმართ ცუდი დამოკიდებულების მიზეზებზე ისაუბრა. რამოსის კარიერა ანდალუზიურ გუნდში დაიწყო, მაგრამ „სანჩეს პისხუანზე“ მას ყოველთვის ობსტრუქციას უწყობენ.

როგორც რამოსმა თქვა, ეს ყველაფერი იმ ტყუილის დამსახურებაა, რომელიც „სევილიას“ ფანებს უთხრეს და მათ „რეალში“ ტრანსფერის დეტალები არასწორად იციან.

„ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა იყო, რომ „სევილიადან“ ახსნა-განმარტების გარეშე წავედი და ამის გაკეთების უფლება სხვებს მივეცი. მადრიდის „რეალში“ ჩემი ტრანსფერი ორ კლუბს შორის გადაწყდა, ჩემთვის ფული არავის გადაუხდია, როგორც მათ თქვეს. ამის გამო ფანები აღარ მექცეოდნენ სიყვარულით, რომელიც მე ყოველთვის მქონდა მათ მიმართ და მექნება. „სევილიას“ ფანებს ტყუილი უთხრეს და ეს ნიშნავდა, რომ ყოველ ჯერზე რთულად მიმიღებდნენ.

ვერასდროს დავივიწყებ ტკივილს, რომელიც ბებიაჩემმა და ჩემმა მშობლებმა იგრძნეს იმის გამო, რომ „სევილიას“ სტადიონზე ვეღარ დადიან. სწორედ ამიტომ, აღვნიშნავდი გოლებს ყოველთვის „სევილიას“ კარში, იმ ყველაფრის გამო, რაც ჩემმა მშობლებმა და ახლობლებმა განიცადეს. 1000-ჯერ რომ მომეცეს „რეალში“ გადასვლის შანსი, იგივეს გავაკეთებდი, ოღონდ, გადაწყვეტილების შესახებ, რაც სინამდვილეში მოხდა, თავად ვილაპარაკებდი. მე „სევილიას“ გულშემატკივარი ვარ და სიკვდილამდე ვიქნები, მაგრამ ასევე შემიძლია ვიამაყო იმით, რომ „რეალისა“ და ესპანეთის ნაკრები კაპიტანი ვარ.

მომავალი? მაქვს უფლება სასურველი გადაწყვეტილება თავად მივიღო. ფიზიკურად კარგად ვარ და მომდევნო წლებში უმაღლეს დონეზე თამაში შემიძლია, თორემ სახლში დავრჩებოდი. ის, რომ ჩემს ასაკში თავს კარგად ვგრძნობ, შემთხვევითობა არ არის, ამაზე წლების განმავლობაში ვმუშაობდი. ვფიქრობ ჩემპიონთა ლიგის მეხუთედ მოგებაზე, მსოფლიოს ჩემპიონატზე, ოლიმპიურ თამაშებზე. კარიერას დავასრულებ, როდესაც შესაფერისი დრო იქნება. მჯერა, ჩემი სხეული რამდენიმე წლის განმავლობაში კარგად თამაშის საშუალებას მომცემს, რადგან საკუთარ თავს კარგად ვაკონტროლებ. ძალიან მინდა ვიბრძოლო და გავიმარჯვო“, - თქვა რამოსმა.

შეგახსენებთ, რომ სერხიო რამოსი „სევილიადან“ „რეალში“ 2005 წლის ზაფხულში გადავიდა. მას „სამეფო კლუბთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და ჯერჯერობით მხარეები ხელშეკრულების განახლებაზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ.

0.109742