ფეხბურთი

13:12 | 5.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაია ბერძნულ გუნდს დაუკავშირეს

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია შესაძლოა ათენის „პანათინაიკოსში“ გადავიდეს. ბერძნული გამოცემა Newspao, რომელიც სწორედ „პანას“ შესახებ სიახლეებს აქვეყნებს, წერს, რომ გიორგი ბერძნულ გრანდს შესთავაზეს.

ქვილითაიას ფამაგუსტას „ანორთოსისში“ დარჩენა თითქმის გამორიცხულია, ისევე როგორც ბელგიურ „გენტში“ დაბრუნება, რომელთანაც კონტრაქტი 2022 წელს ეწურება. ამიტომაც, ფეხბურთელის აგენტები ახალ გუნდს ეძებენ.

მეორეს მხრივ, „პანათინაიკოსში“ ჯერ უცნობია დარჩება თუ არა გუნდში მოქმედი მთავარი მწვრთნელი, ისევე როგორც თავდამსხმელები, ფედერიკო მაკედა და კარლიტოსი. გამოცემა წერს, რომ ქვილითაიას სანაცვლოდ „გენტმა“ 2018 წელს ვენის „რაპიდს“ 3 მილიონი ევრო გადაუხადა, მაგრამ ამის ნახევარის მიღებაც გაუჭირდება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქვილითაია „ანორთოსისში“ იჯარითაა და ყველა ტურნირზე 15 გოლი აქვს გატანილი. მას საუკეთესო პერიოდი ვენის „რაპიდში“ ჰქონდა, რომელიც 2018 წელს დატოვა.

0.130367