ფეხბურთი

10:26 | 4.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

"სოსიედადმა" ბოლო 34 წელიწადში პირველი ტიტული მოიგო

სან სებასტიანის „რეალ სოსიედადმა“ ესპანეთის სამეფო თასი მოიგო. სევილიაში გამართულ ფინალში იმანოლ ალგუასილის გუნდმა ბასკურ დერბიში „ბილბაო“ დაამარცხა.

მატჩის ბედი მიკელ ოიარზაბალის ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელმაც მეტოქის კარში პენალტი გაიტანა. „სოსიედადმა“ 34 წელიწადში პირველი ტიტული მოიგო. ბოლოს სწორედ სამეფო თასი ჰქონდა მოგებული შორეულ 1987 წელს, ისტორიაში კი ამ ჯილდოს მესამედ დაეუფლა.

სხვათა შორის, ეს იყო 2020 წლის ესპანეთის თასის ფინალი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო პრაქტიკულად ერთი წლით გადაიდო, რათა მატჩს გულშემატკივარი დასწრებოდა, თუმცა არ გამოვიდა და „ესტადიო კარტუხაზე“ თამაში მაინც უმაყურებლოდ გაიმართა.

„სოსიედადი“ ესპანეთის თასის მოქმედი ტრიუმფატორის წოდებას მხოლოდ ორი კვირა შეინარჩუნებს, რადგან 17 უკვე მიმდინარე სეზონის ფინალია დაგეგმილი, რომელშიც სხვათა შორის, ისევ „ბილბაო“ ითამაშებს, მაგრამ მისი მეტოქე ამჯერად „ბარსელონა“ იქნება.

0.104759