მაიამის ღია პირველობის ქალთა ფინალს დრამატული დასასრული ჰქონდა - მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ეშლი ბარტიმ, ტურნრის ბოლო ქულა, კორტის ხარიელ მეორე ნახევარში ბურთის ჩაგდებით დაასრულა. როდესაც ბურთი კორტს შეეხო, ამ დროს ბიანკა ანდრეესკუ კორტზე იწვა - კანადელმა ტრავმის გამო, თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო.
ბარტიმ 6-3, 4-0 გაიმარჯვა და ზედიზედ მეორე გახდა პრესტიჟული ტურნირის ჩემპიონი. რაც ასევე მნიშვნელოვანია, მსოფლიოს პირველი ჩოგნის სტატუსი შეინარჩუნა.
ანდრეესკუმ ტრავმა შეხვედრის მსვლელობისას მიიღო, როცა ფეხი გადაუბრუნდა. მან თამაშის გაგრძელება კი შეძლო, მაგრამ ავსტრალიელი სრულად აკონტროლებდა შეხვედრას. კანადელს ტერფი შეუხვიეს, მაგრამ ცოტა ხანში მან თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
„ვუთანაგრძნობ ბიანკას, მას ადრეც ჰქონია ტრავმები“, - განაცხადა ბარტიმ. შეხვედრის შემდგომი ინტერვიუ ანდრეესკუმ თვალცრემლიანმა დაიწყო. მან განაცხადა, რომ მწვრთნელმა ტრავმის მიღებისთანავე, თამაშის შესწყვეტა ურჩია. „მაგრამ გაჩერება არ მინდოდა. საბოლოოდ მას ვენდე და ვიცი, რომ ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო“, - განაცხადა 20 წლის კანადელმა.
მისთვის ეს პირველი ამერიკული ტურნირი იყო მას შემდეგ, რაც 2019 წელს აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონი გახდა. მას გასული სეზონი, კორონავირუსის პანდემიის და ტრავმების გამო, თითქმის სრულად გაუცდა.
აღსანიშნავია, რომ ქალთა ტურზე მხოლოდ ხუთ ჩოგბურთელს აქვს მაიამის ღია პირველობა ზედიზედ ორჯერ მოგებული. ეს შტეფი გრაფმა, მონიკა სელეშმა, არანჩა სანჩეს-ვიკარიომ, ვენუს და სერენა უილიამსებმა შეძლეს.
„ამ ჯგუფში არ უნდა ვიყო. ჯერ იმის უფლება არ მომიპოვებია, რომ ამ ჩემპიონთა სიაში შევდიოდე. ისინი ლეგენდები არიან. და მე თავს ძალიან პრივილეგირებულად ვგრძნობ“, - ღიმილით განაცხადა ბარტიმ, ვინც ანდრეესკუს პირველად შეხვდა.
მაიამის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, ერთმანეთს 19 წლის იტალიელი იანიკ სინერი და პოლონელი ჰუბერტ ჰურკაჩი დაუპირისპირდებიან. ნებისმიერ შემთხვევაში, ტურნირს ახალი ჩემპიონი ეყოლება.