ფეხბურთი

14:11 | 3.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "მაკედონიასთან ფინალამდე ემოცია დიდი იყო და სამჯერ ვიტირე"

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცი ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის 2020 წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. მან დაჯილდოების შემდეგ კომენტარი გააკეთა და საქართველოში გატარებული პერიოდიც გაიხსენა.

„ძალიან გაკვირვებული ვარ, რადგან საქართველოში ვერ მივაღწიეთ მიზანს და ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავედით, იმედგაცრუებულები ვიყავით. ამიტომ, არ ველოდი, რომ გავიმარჯვებდი, მაგრამ ეს ჩემთვის დიდი პატივია. ვენლგოშის პრიზის მოგება სასიამოვნოა, რადგან ის ჩემი პედაგოგი და უპირველეს ყოვლისა, დიდი ადამიანი იყო.

ფინალის წინ ემოცია იმდენად დიდი იყო, რომ ფინალის წინ სტადიონზე მიმავალ გზაზე სამჯერ ვიტირე. ხალხი ავტობუსს მოაცილებდა, დაახლოებით 50 000 გულშემატკივარი გამოვიდა, რომლებმაც სტადიონამდე მიგვაცილეს. ამის გამო უფრო მეტად ვწუხვარ, რომ მიზანს ვერ მივაღწიეთ.

ქართველებს ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავთ, ისინი კიდევ განვითარდებიან, მაგრამ დისციპლინა აკლიათ. ზოგჯერ თავისი შესაძლებლობებისაც არ სჯეროდათ, მაგალითად, ესპანეთში მოვიგეთ, შემდეგ კი მაკედონიასთან პრობლემები გვქონდა და წავაგეთ. იქ მუშაობა ადვილი არ არის, მაგრამ სიამოვნება მივიღე, მიუხედავად იმისა, რომ დასასრული ბედნიერი არ ყოფილა“, - თქვა ვაისმა.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებში 2016-2020 წლებში მუშაობდა და გუნდი ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალში გაიყვანა, მაგრამ იქ მარცხი განიცადა. ის რეკორდსმენია საქართველოს ნაკრებში მატჩების რაოდენობით - „ჯვაროსნებმა“ სლოვაკის ხელმძღვანელობით 48-ჯერ ითამაშეს და სტატისტიკაში სამივე მონაცემი იდენტურია - 16 მოგება, წაგება და ფრე (63:53-ზე ბურთების ბალანსი).

0.123027