ჩოგბურთი

11:15 | 3.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

იანიკ სინერი მიამის ღიას ფინალში გავიდა

19 წლის იტალიელი იანიკ სინერი მაიამის ღია პირველობის ფინალში გავიდა. ის მეოთხე თინეიჯერი ჩოგბურთელია, ვინც მაიამის მასტერსის ფინალში ითამაშებს. მანამდე ეს ნვოაკ ჯოკოვიჩმა, რაფაელ ნადალმა და ანდრე აგასიმ შეძლეს. და ყველა შემდგომში დიდი ჩოგბურთელი გახდა.

„ეს სასიამოვნოა, მაგრამ მაინც არაფერს ნიშნავს. სახელის მოსახვეჭად დიდი გზა მაქვს გასავლელი. ეს ერთ კვირაში, ან თუნდაც ერთ ტურნირზე არ ხდება“, - ამბობს იტალიელი, ვინც ნახევარფინალში 5-7, 6-4, 6-4 დაამარცხა ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი.

სინერისთვის ეს მხოლოდ ATP-ს უმაღლესი კატეგორიის მესამე ტურნირია. ფინალში მისი მეტოქე, პოლონელ ჰუბერტ ჰურკაჩსა და რუს ანდრეი რუბლიოვს შორის შეხვედრაში გამოვლინდება. აღსანიშნავია, რომ ნახევარფინალში გასულ ოთხივე ჩოგბურთელაგან, აქამდე მასტერსის სერიის ტურნირი არცერთს მოუგია.

„მას ყველაფერი აქვს, არა? ძლიერად აწოდებს, მაღალია, კარგად მოძრაობს, შესანიშნავ დიაგონალურ დარტყმებს ასრულებს და ფსიქოლოგიურად კარგად არის მომზადებული. რაც მთავარია, ვითარდება. მას დიდი მომავალი აქვს“, - ასე შეაფასა თავისი მძლეველი მეტოქე ბაუტისტა აგუტმა.

ესპანელმა პირველი სეტი ბრეიკით დაიწყო. სინრს მეორე გეიმში ორი ბრეიკ პოინტი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. თუმცა მეექვსე გეიმში მაინც შეძლო ანგარიშის გათანაბრება - 3-3. მეშვიდ გეიმში კი ესპანელმა ისევ მიაღწია ბრეიკს და ამის შემდეგ, უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა.

მეორე სეტში, როცა ანგარიში 3-3 იყო, იტალიელის მოწოდებაზე ბაუტისტა აგუტი 40-0 დაწინაურდა. მაგრამ სინერმა ზედიზედ სამი ქულა აიღო და ანგარიში გაათანაბრა. თავის მომდევნო მოწოდებაზე, სინერი კვლავ მდევრის როლში აღმოჩნდა. მაგრამ ისევ გაათანაბრა, მეათე გეიმში კი თავად აიღო მეტოქის მოწოდება და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

გადამწყვეტი სეტის მეოთხე გეიმში, სინერმა თავის მოწოდბაზე მშრალად წააგო. ბაუტისტა აგუტი 3-1 დაწინაურდა და თითქოს, თამაშსაც ის მოიგებდა. მაგრამ სინერმა ისევ გაიბრწყინა, მეექვსე გეიმში ანგარიში გაათანაბრა, რასაც ერთი ბრეიკიც (მშრალად) მოაყოლა და შეხვედრაც მოიგო.

სინერმა ეს გამარჯვებაც თავის მშობლებს მიუძღვნა, რომლებისგანც, როგორც თავად აღნიშნავს ხოლმე, შრომისმოყვარეობა მიიღო. ისინი ჩრდლოეთ იტალიაში პატარა რესტორანს ფლობენ, რომელშიც მამა მზარეულია, დედა კი მიმტანი. „ისინი ყოველდღე მარტივ სამუშაოს ასრულებენ. მათ იციან, რას ნიშნავს შრომა“, - ამბობს თინეიჯერი ამომავალი ვარსკვლავი.

0.137497