მაიამის ღია პირველობის ქალთა ბადეში ორივე ფინალისტის ვინაობა ცნობილია. მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ავსტრალიელი ეშლი ბარტი, ჩემპიონის ტიტულის შესანარჩუნებლად, კანადელ ბიანკა ანდრეესკუს დაუპირისპირდება.
უკრაინელ ელინა სვიტოლინასთან შეხვედრისას, ბარტის მუცლის კუნთის სპაზმები ჰქონდა, მაგრამ ეს მის თამაშს არ შეტყობია. ავსტრალიელმა მე-5 ნომრად განთესილი მეტოქე 6-3, 6-3 დაამარცხა. ანდრეესკუმ კი დაძაბულ პაექრობაში, 7-6(7), 3-6, 7-6(4) დაამარცხა ბერძენი მარია საკარი.
აღსანიშნავია, რომ ბარტის სვიტოლინასთან გამართული წინა ექვსი შეხვედრიდან, მხოლოდ ერთი ჰქონდა მოგებული. მაგრამ ამჯერად სტატისტიკა „დაასვენა“.
„იოლი შეხვედრა არ იყო. მინდოდა, თავიდანვე აგრესიული ვყოფილიყავი. და მე ეს შევძელი. ელინა გამორჩეული მოთამაშეა. ის ქულას იოლად არასდროს თმობს. მნიშვნელობა არ აქვს, რა ანგარიშია. ვიცოდი, საუკეთესოდ უნდა მეთამაშა, რომ დამემარცხებინა და დღეს მე ეს შევძელი“, - ყვება ავსტრალიელი.
ბარტის პირველი სეტის შემდეგ სამედიცინო დახმარება დასჭირდა და ამისთვის კორტი დატოვა. მაგრამ მეორე სეტში არც კი იგრძნობოდა, რომ მას პრობლემა ჰქონდა. საერთო ჯამში, მეტოქის დასამარცხებლად, საათნახევარი იმყოფინა.
ანდრეესკუ აშშ-ის ღიაზე 2019 წელს გამარჯვების შემდეგ, პირველად იტამაშებს ფინალში. საკარის დასამრცხებლად მას 2 საათი და 42 წუთი დასჭირდა.
კანადელი პირველ სეტში 4-1 დაწინაურდა, მაგრამ ბერძენმა მომდევნო სამ გეიმში ჩამორჩენა სრულად გაქვითა და სეტი ტაიბრეიკამდე მიიყვანა. აქ ანდრეესკუმ მაინც შეძლო გამარჯვება. სეტს მან წერტილი შესანიშნავად შესრულებული ხელუკუღმა დარტყმით დაუსვა.
მეორე სეტის დასაწყისშიც ანდრეესკუ დაწინაურდა - 3-1. მაგრამ საკარიმ ძალისმიერი თამაშით შეძლო თამაშის შემობრუნება და ზედიზედ ხუთი გეიმის მოგებით, სეტებში ანგარიში გაათანაბრა.
მესამე სეტში თავიდან საკარი 4-2 დაწინაურდა, მაგრამ ამჯერად ანდრეესკუმ შეძლო გათანაბრება და სეტი ტაიბრეიკზე გადაიყვანა. კანდელმა ამჯერადაც იმარჯვა. მან მესამე მატჩ პოინტი აქცია ქულად და შეხვედრა ამით დასრულდა.
„მასთან თამაშისას, სხვა არჩევანი არ მაქვს, ბოლომდე უნდა დავიხარჯო, ყველა ქულისთვის უნდა ვიბრძოლო, რადგან ისიც სწორედ ასე თამაშობს. ძალიან რთული შეხვედრა იყო. ძალიან მიხარია, რომ ეს შევძელი“, - განაცხადა გამარჯვებულმა.