News

0:03 | 2.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

სანიოლი განვლილ მატჩებზე, კვარაცხელიაზე, ნინუაზე და სხვა თემებზე...

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა საბერძნეთთან (1:1) მატჩის შემდეგ ადგილობრივ გამოცემა Gazzeta.gr-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც მან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, ჩატარებული სამი მატჩით და ამ დროისთვის გაწეული სამუშაოთი კმაყოფილია. მან კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც გააკეთა.

საბერძნეთთან მატჩი

ჩემი აზრით, პირველ ტაიმში საბერძნეთი უკეთესი იყო. ორი-სამი რეალური საგოლე მომენტი ჰქონდა. მეორე ტაიმში პირიქით - ჩვენი თამაში უკეთესი იყო. ჩამოვრჩით, მაგრამ გავათანაბრეთ. ნამდვილად ვფიქრობ, რომ ფრე ლოგიკური და სამართლიანი შედეგია. საქართველოს ნაკრების მწვრთნელად თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. გამიმართლა, რომ დიდი მენტალიტეტის ფეხბურთელები მყავს. ამ სამ მატჩში ყველაფერი გაიღეს. დისციპლინით ვითამაშეთ, ხარისხიანად, კარგად და ჩვენი მუშაობით კმაყოფილი ვარ.

ხვიჩა კვარაცხელიაზე

კვარაცხელია ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, მაგრამ დიდი პოტენციალი აქვს. მას მაინც მოუწევს მნიშვნელოვან ელემენტებზე მუშაობა, რომ 90 წუთის განმავლობაში სტაბილური იყოს. ესპანეთთან და საბერძნეთთან ძალიან კარგი თამაში ჰქონდა და ვიმედოვნებ ასე გააგრძელებს.

B ჯგუფში შექმნილი ვითარება

ვფიქრობ, რომ ესპანეთმა და შვედეთმა შესარჩევი ეტაპი საუკეთესოდ დაიწყეს და სხვა გუნდებს მათთან მიახლოება გაუჭირდებათ. წინ ბევრი მატჩია და ვნახოთ რა მოხდება საბოლოოდ.

ნიკა ნინუასა და ბაჩანა არაბულის სანაკრებო პერსპექტივა

ნინუა და არაბული არიან 40/50-კაციან სიაში, რომელიც წინასწარი შერჩევისას განიხილება. მათ ვაკვირდებოდი და ყურადღებით გავაგრძელებ იგივეს კეთებას.

თეოდოროს ზაგორაკისზე

მახსოვს, რომ ზაგორაკისი წარმოუდგენელი ლიდერი იყო. დარწმუნებული ვარ, ის საქმეს შესანიშნავად გააკეთეს, როგორც ფედერაციის პრეზიდენტი. თუ ისეთი იქნება, როგორც ფეხბურთელი, მაშინ თქვენი ფედერაცია კარგ ხელშია.

საბერძნეთში მუშაობაზე

საბერძნეთი ლამაზი ქვეყანაა. მაგრამ ახლა საქართველოში ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ. წარსულში მქონდა წინადადებები საბერძნეთიდან, მაგრამ ბოლო პერიოდში არა.

შეგახსენებთ, B ჯგუფში ესპანეთის ნაკრებმა სევილიაში, კოსოვოს უმასპინძლა და დანი ოლმოს, ფერან ტორესისა და ხერარდ მორენოს გოლებით 3:1 იმარჯვა. „ფურია როხა“ 7 ქულით ლიდერია და ქულით უსწრებს შვედეთს, თუმცა, თამაშით მეტი აქვს ჩატარებული. საბერძნეთმა 2 ქულა დააგროვა, საქართველომ ერთი და კოსოვო უქულოდ ბოლო ადგილზეა. ამ ჯგუფში ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო მატჩს 2 სექტემბერს, თბილისში კოსოვოს დაუპირისპირდება. თუმცა, მანამდე ივნისში ორ სპარინგს ჩაატარებს: 2 ივნისს სტუმრად რუმინეთთან, ხოლო მეორე მეტოქის ვინაობა ჯერ უცნობია.

0.120975