ყაზანის „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. რუსი საფეხბურთო ფუნქციონერის განცხადებით, მისი მიზანი 20 წლის ქართველის შენარჩუნებაა და ყველაფერს აკეთებს ამისთვის, თუმცა, მზადაა ტურინის „იუვენტუსს“ პაულო დიბალაში გაუცვალოს.
ეს განცხადება მან ხუმრობით გააკეთა, მაგრამ მესიჯი ისედაც გასაგებია - „რუბინი“ ქართველ შემტევს იაფად და მიუღებელი წინადადების შემთხვევაში დიდი ალბათობით არ შეელევა.
- „რუბინის“ ფეხბურთელებიდან სულ მცირე ხვიჩა, ურემოვიჩი და მაკაროვი ნამდვილად მოთხოვნადი იქნებიან სატრანსფერო ბაზარზე. დაგეგმილია მათი გაყიდვა ნებისმიერ დროს?
- როგორც ადრე ვთქვი, ჩვენს წინაშე არ დგას ამოცანა, რომ ფეხბურთელები შემდგომი ტრანსფერებისთვის მოვამზადოთ. ვქმნით გუნდს და თითოეული ეს მოთამაშე ჩვენთვის მნიშვნელოვანია. თუმცა, კლუბი თუ მიიღებს შესაბამის წინადადებას რომელიმე ფეხბურთელზე, მაშინ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ის განვიხილოთ. მინდა ხაზი გავუსვა - შესაბამის წინადადებას.
- მიიღეთ ხვიჩაზე შეთავაზება?
- დარწმუნებული ვარ, მალე მივიღებთ. მისმინეთ, უხეშად რომ ვთქვათ, მას 20 წელი გუშინ შეუსრულდა. თამაში 19 წლის ასაკში დაიწყო და სკოლის ჩანთა მოიხსნა. ნიჭიერია! ძალიან მსურს ვნახო, რომ მომავალ სეზონშიც ჩვენთან ითამაშებს. მე ყველა ღონეს ვხმარობ, რომ ის ჩვენთან იყოს. ამავდროულად მესმის, რომ შეუძლებელია ხვიჩას აქ დარჩენაში დარწმუნებული ვიყოთ.
- როგორ აპირებთ მის დატოვებას? ახალ კონტრაქტს შესთავაზებთ?
- რატომაც არა? მას გრძელვადიანი კონტრაქტი აქვს და ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა. მაგალითად, ახლახან განვაახლეთ კონტრაქტი სტარფელტთან. მას მანამდე 2023 წლამდე ჰქონდა ხელშეკრულება, მაგრამ ხელფასი გავუზარდეთ და ერთი წლით გავუხანგრძლივეთ. ის იაფად დავიმატეთ, ახლა კარგი ბაზის ფეხბურთელია, შვედეთის ნაკრების წევრი. შესაბამისად, ხელფასის გაზრდას და კონტრაქტის 1 წლით განახლებას სიამოვნებით დათანხმდა. ერთი წლის წინ ურემოვიჩთან გავახანგრძლივეთ ხელშეკრულება, ეს არის საფეხბურთო ბიზნესის ნაწილი. თუ ადამიანი განახლებაზე თანახმა არ არის, ჩემთვის ესეც პასუხია. ეს ნიშნავს, რომ მას არ სურს თავისი მომავლის დაკავშირება ჩვენს კლუბთან და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.
- პრესა საუბრობს, რომ კვარაცხელია 20 მილიონი ევრო ღირს. ამასთან, თითქოს ევროპაში რეალური ფული არ არის. ყველა გარიგება გაცვლით ხდება: „იუვენტუსს“ „ბარსელონასთან“ დიბალას გრიზმანში გაცვლა სურს...
- მზად ვარ დიბალაში გავცვალო (იცინის).
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერლიგაში ჩატარებულ 20 მატჩში 3 გოლი გაიტანა, 4 საგოლე პასი შეასრულა და სამჯერ პენალტი მოიპოვა. ხვიჩა გასულ სეზონში რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა და „რუბინის“ საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.