ფეხბურთი

11:40 | 1.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

შეფასებები: აღმოჩენა გიორბელიძე, ხვიჩას მაგია და გამოცდილების ფასი

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთთან ჩაატარა და ხვიჩა კვარაცხელიას გოლით შინ ქულით დაბრუნდა. WORLDSPORT.GE წარმოგიდგენთ ფეხბურთელთა შეფასებებს.

მოედანზე საუკეთესოები ხვიჩა კვარაცხელია, გურამ გიორბელიძე, ოთარ კიტეიშვილი და ჯაბა კანკავა იყვნენ, თუმცა, ცენტრალურმა მცველებმა ძალიან კარგი თამაში აჩვენეს.

გიორგი ლორია 6 - საქართველოს ნაკრების მეკარე თითქმის მთელი თამაში უსაქმოდ იყო. მას კარში ერთადერთხელ დაურტყეს, პირველი ტაიმის ბოლოს და ისიც ძალიან სუსტი დარტყმა იყო. კაკაბაძის გოლის მომენტში ვერაფერს გააწყობდა. გამოსვლებზე ხარვეზების გარეშე ითამაშა.

ოთარ კაკაბაძე 5.5 - მას მთლიანობაში არ ჰქონია ცუდი თამაში, განსაკუთრებით დაცვაში, მაგრამ შეტევაში პრაქტიკულად ვერ ერთვებოდა. და, რაც მთავარია, უნებლიე შეცდომა დაუშვა და ავტოგოლი გაიტანა, რამაც შეხვედრაზე გავლენა იქონია.

გურამ კაშია 7 - ეროვნული ნაკრების აშკარა ლიდერი. მას პრაქტიკულად შეცდომა არ დაუშვია და ძალზე დამაჯერებელი იყო. არა მარტო „ტუმბა არენაზე“, არამედ მთლიანად განვლილ სამ მატჩში. ხვიჩას გოლის შემდეგ კაკაბაძე გაამხნევა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ სათამაშო ასპექტებით არ არის.

ლაშა დვალი 7 - მეორე ცენტრალური მცველიც ძალიან კარგი იყო. ბერძნებს ლორიას კართან პრაქტიკულად არაფერი შეუქმნიათ და ამაში ლაშას წვლილიც დიდია. ზოგადად, მას საკმაოდ კარგი თამაშები ჰქონდა და ჩანს, რომ „ფერენცვაროშში“ მოუმატა.

გურამ გიორბელიძე 7.5 - ადამიანი სიურპრიზი! ზედიზედ სამი თამაში ნაკრებში და ნათელია, რომ მარცხენა ფლანგზე მისი იმედი უნდა გვქონდეს. კვარაცხელიასთან შეუძლია კარგი დუეტი შექმნას. დასაწყისში რამდენიმე არაზუსტი პასი გააკეთა, მაგრამ შემდეგ უშეცდომო იყო და შეტევაშიც თამამად მიდიოდა. სისწრაფეებსაც იყენებდა. ახლა ისღა დაგვრჩენია, რომ მას პროგრესი და განვითარება ვუსურვოთ, პოტენციალი ნამდვილად აქვს.

ჯაბა კანკავა 7.5 - ნაკრების კაპიტანმა ბოლო ორი თამაში ფანტასტიკურად ჩაატარა. ნამდვილი გლადიატორი, რომელიც გუნდს არ დააღალატებს. ჯაბას წვლილი ნაკრების კარგ თამაშებში განუზომლად დიდია. ბოლოს, საერთოდაც ულამაზესი გოლის გატანასთან ახლოს იყო, მაგრამ ოდისეას ვლახოდიმოსმა საოცარი რეაქცია გამოავლინა.

გიორგი აბურჯანია 6 - მან ბევრი იმუშავა, თუმცა ხარვეზებიც ჰქონდა. ზოგადად, მასაც აქვს პოტენციალი და ნაკრებისთვის საჭირო ფიგურაა. პირველი საგოლე შანსი საქართველოს ნაკრებიდან სწორედ მას ჰქონდა - ჯარიმა მეკარემ აუღო

ვაკო გვილია 6 - გვილია, ვიცით, რომ საუკეთესო ფორმისგან ძალიან შორსაა, „ლეგიაში“ შარშან დიდებული სეზონი ჰქონდა, მაგრამ შემოდგომიდან მოყოლებული სათამაშო დრო შეეზღუდა. რაც უნდა იყოს, საგოლე პასის ავტორი ის გახდა. კვარაცხელიას კარგი და დროული პასი მის ანგარიშზეა, მერე ხვიჩამ ყველაფერი მარტომ გააკეთა.

საბა ლობჟანიძე 5.5 - საბას ამ სამ თამაშში ძალიან ბევრი შავი სამუშაოს შესრულება მოუწია. შეტევაში კი ნალებად ეფექტური იყო და მისგან ცოტა მეტის მოლოდინი მართლაც არსებობდა, რადგან თურქეთის ჩემპიონატში საუკეთესო მეპასეა.

ჯაბა ჯიღაური შ.გ - „დინამო ბათუმის“ ნახევარმცველმა რამდენიმე წუთი ითამაშა. ერთხელ კარგ პოზიციაში აღმოჩნდა, მაგრამ შეტევა ვერ გაამწვავა.

ოთარ კიტეიშვილი 7 - ნაკრების მამოძრავებელი ძალაა. თამაშს ის ხშირად წარმართავდა, შეტევაშიც ბევრი საქმე გააკეთა და ნახევარდაცვაშიც. გავითვალისწინოთ, რომ ტრავმა ახალი მორჩენილი აქვს. ოთარი შესანიშნავია და სალონიკიშიც ასე იყო. ჩვენი გუნდისთვის ფუნდამენტურ ფიგურად იქცა.

ნიკა კვეკვესკირი 6 - თამაშში საკმაოდ კარგად ჩაერთო და რამდენიმე ეპიზოდი კარგად წაიკითხა. თუმცა, მოედანზე არც ისე ბევრი დრო გაატარა.

ხვიჩა კვარაცხელია 8.5 - ხვიჩას მუდმივად ორი მეურვე ჰყავდა. ბურთიც ხშირად დაკარგა, მაგრამ ბოლოს მაინც გადამწყვეტი სიტყვა და თქვა, გოლი პირადად შექმნა. თუ ესპანეთთან ზოგადად საგოლე შეტევა იყო ეფექტური, ამჯერად ის მთლიანად კვარამ შექმნა და აგრძელებს ფანტასტიკურად თამაშს!

ბუდუ ზივზივაძე 5.5 - ესპანეთთან შედარებით უკეთ ითამაშა, მაგრამ ძირითადად ბრძოლა უწევდა და საგოლე მომენტი არ შექმნია. ამის გარეშე კი ბუდუს შეფასება რთულია, ის საჯარიმოში უფრო სახიფათოა, ვიდრე მოედნის ცენტრში ან ფლანგზე.

გიორგი ქვილითაია 5.5 - რამდენიმე ორთაბრძოლა მოიგო, მაგრამ რამდენიმე არასწორი გადაწყვეტილებაც მიიღო. ერთ მომენტში კარში დაარტყა, თუმცა, მეტისმეტად სუსტად. არადა, ოთარ კიტეიშვილზე პასის გაკეთების ვარიანტიც ჰქონდა.

0.116628