ფეხბურთი

11:16 | 1.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი აბურჯანია: "გუნდმა თავი კარგად წარმოაჩინა და აჩვენა რა მიმართულებით ვითარდება"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი აბურჯანიამ საბერძნეთთან (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ქართველი ნახევარმცველის თქმით, გუნდმა თავი კარგად წარმოაჩინა და აჩვენა თუ რა მიმართულებით ვითარდება.

"ურთულესი კალენდარი გვქონდა, სტუმრად შვედეთს და საბერძნეთს დავუპირისპირდით, საკუთარ მოედანზე კი, ესპანეთს. ამის მიუხედავად, გუნდმა საკუთარი თავი კარგად წარმოაჩინა და აჩვენა, თუ რა მიმართულებით ვითარდება. პირველი ქულა გასვლაზე საბერძნეთთან მოვიპოვეთ და ეს ადვილი ნამდვილად არ იყო. ვფიქრობ, უფრო მეტად, რომ გაგვმართლებოდა ამ სამ შეხვედრაში ოთხი ან მეტი ქულის მოპოვებაც შეგვეძლო. კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ მწვრთნელს სამუშაოდ დიდი დრო არ ჰქონდა, რადგან ყოველ სამ დღეში თამაში იყო", - ციტირებს აბურჯანიას სიტყვებს სფფ-ის ვებგვერდი.

შეგახსენებთ, B ჯგუფში ესპანეთის ნაკრებმა სევილიაში, კოსოვოს უმასპინძლა და დანი ოლმოს, ფერან ტორესისა და ხერარდ მორენოს გოლებით 3:1 იმარჯვა. „ფურია როხა“ 7 ქულით ლიდერია და ქულით უსწრებს შვედეთს, თუმცა, თამაშით მეტი აქვს ჩატარებული. საბერძნეთმა 2 ქულა დააგროვა, საქართველომ ერთი და კოსოვო უქულოდ ბოლო ადგილზეა. ამ ჯგუფში ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო მატჩს 2 სექტემბერს, თბილისში კოსოვოს დაუპირისპირდება. თუმცა, მანამდე ივნისში ორ სპარინგს ჩაატარებს: 2 ივნისს სტუმრად რუმინეთთან, ხოლო მეორე მეტოქის ვინაობა ჯერ უცნობია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11251