ფეხბურთი

10:48 | 1.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია: "მოედანზე ჩვენი ქვეყნისთვის გავდივართ და მაქსიმალურად ვიხარჯებით"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ საბერძნეთთან (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. 20 წლის შემტევის თქმით, პირველი ქულის აღება სასიხარულოა, მაგრამ მომდევნო მატჩებში მოსაგებად ყველაფერი უნდა გაიღონ.

"საბერძნეთთან თანაბარი ბრძოლა იყო, მოგების შანსი ორივე გუნდს ჰქონდა. პირველი ქულა ავიღეთ და ეს სასიხარულოა, თუმცა მოგებაც შეგვეძლო. ვთვლი, რომ ასე უნდა გავაგრძელოთ, თამაშები მოვიგოთ და ჩვენს ჯგუფში მაქსიმუმი გავაკეთოთ. ყოველ მესამე დღეს თამაში ძალიან რთულია, რადგან ასეთ რეჟიმს მიჩვეული არ ვართ. მიუხედავად ამისა, მოედანზე ჩვენი ქვეყნისთვის გავდივართ და მაქსიმალურად ვიხარჯებით. ალბათ გუნდს ცოტა დაღლილობაც ეტყობოდა. შემდეგ თამაშებშიც ძალიან უნდა მოვინდომოთ და გავიმარჯვოთ, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება მეტოქე. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც შედეგის მიუხედავად ყოველთვის ჩვენ გვერდით არიან", - ციტირებს კვარაცხელიას სიტყვებს სფფ-ის ვებგვერდი.

შეგახსენებთ, B ჯგუფში ესპანეთის ნაკრებმა სევილიაში, კოსოვოს უმასპინძლა და დანი ოლმოს, ფერან ტორესისა და ხერარდ მორენოს გოლებით 3:1 იმარჯვა. „ფურია როხა“ 7 ქულით ლიდერია და ქულით უსწრებს შვედეთს, თუმცა, თამაშით მეტი აქვს ჩატარებული. საბერძნეთმა 2 ქულა დააგროვა, საქართველომ ერთი და კოსოვო უქულოდ ბოლო ადგილზეა. ამ ჯგუფში ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო მატჩს 2 სექტემბერს, თბილისში კოსოვოს დაუპირისპირდება. თუმცა, მანამდე ივნისში ორ სპარინგს ჩაატარებს: 2 ივნისს სტუმრად რუმინეთთან, ხოლო მეორე მეტოქის ვინაობა ჯერ უცნობია.

აქვე გეტყვით, რომ ხვიჩა კვარაცხელიას საქართველოს ნაკრებში დიდებული სტატისტიკა აქვს: 8 მატჩი, 3 გოლი, 1 საგოლე პასი და 1 მოპოვებული პენალტი.

0.122153