მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურში საქართველოს ეორვნული ნაკრები სალონიკიში, საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და პირველი ქულა მოიპოვა. ოთარ კაკაბაძის ავტოგოლს ორ წუთში ხვიჩა კვარაცხელიამ უპასუხა და ფრე - 1:1.
საქართველოს ნაკრებისგან ისევ ვიხილეთ ასე თუ ისე, მეტ-ნაკლებად გამართული ფეხბურთი, მაგრამ შედეგი ისევ არ არის ისეთი, რაც სიხარულს მოგვანიჭებდა. საბერძნეთის ნაკრები ნამდვილად კმაყოფილი უნდა იყოს, რომ ქულის გარეშე არ დარჩა, გადაუჭარბებლად ასეა.
ჯონ ვან ‘ტ სხიპის გუნდმა გიორგი ლორიას კართან პრაქტიკულად ვერაფერი შექმნა. საწყის 20 წუთს თუ არ ჩავთვლით, ბერძნებს, ბურთიც აღარ ჰქონიათ და თამაშის რიტმს საქართველო კარნახობდა. განსაკუთრებული ყურადღება იყო ხვიჩა კვარაცხელიასადმი, რომელსაც ყოველთვის ორი მეურვე ხელმძღვანელობდა და ამით კარგად სარგებლობდა გურამ გიორბელიძე, რომელიც შეტევაში თამამად მიდიოდა. პირველ ტაიმში ყველაზე საინტერესო ეპიზოდი 28-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც ხვიჩა კვარაცხელიამ რამდენიმე მეტოქე მოატყუა, მაგრამ მცველებმა მისი დარტყმა მაინც დაბლოკეს. 36-ე წუთზე გოლიც გავიტანეთ, თუმცა ოთარ კიტეიშვილი აშკარად ოფსაიდში იყო და სამართლიანად გაუქმდა.
მეორე ტაიმში კი საქართველო უმეტესად მეტოქის ნახევარზე იყო. ყველაზე რეალური მომენტი კი 68-ე წუთზე შეიქმნა. ოთარ კიტეიშვილი საჯარიმოსთან წააქციეს და ჯარიმა დაინიშნა, რომელიც გიორგი აბურჯანიამ სახიფათოდ შეასრულა, მაგრამ ოდისეას ვლახოდიმოსი შესანიშნავად გაისარჯა და ბურთი კუთხურზე მოიგერია. ლისაბონის „ბენფიკას“ მეკარე თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო. რატომ? ამაზე მერე...
იქამდე, 76-ე წუთზე საქართველომ გოლი არაფრისგან გაუშვა, რაც ცოტა ზედმეტად ფრთხილი და პირდაპირ ვთქვათ, შიშ-ნარევი თამაშის შედეგი იყო. არაფრის მომცემი ჩაწოდების შემდეგ ოთარ კაკაბაძემ ძალიან ცუდად ითამაშა, მას ზურგს უკან არავინ ყავდა, შეეძლო ბურთი გაეტარებინა, მაგრამ გადაწყვიტა კუთხურზე გადაეგდო და ამის ნაცვლად ბურთი კარში აღმოჩნდა... საქართველო დაუმსახურებლად ჩამორჩა ანგარიშში.
ორ წუთში გიორგი ლორიას გრძელი პასი ვაკო გვილიამ დაამუშავა და ფლანგზე ხვიჩა კვარაცხელიამ დაამუშავა. შემდეგ არაფერი ახალი - კვარაშოუ ვიხილეთ. ის ადვილად გაუსწორდა მავრიასს და საჯარიმოში შევიდა, ვლახოდიმოსს ახლო კუთხეში გაუტანა - 1:1. ხვიჩა კვარაცხელიას ნამდვილად არ ჰქონია საუკეთესო თამაში, მაგრამ ერთადერთი შანსი, რომელიც მიიღო გამოიყენა და ეს ბიჭი ნამდვილად გენიოსია. ანგარიში სამართლიანად გათანაბრდა, რადგან წასაგები თამაში ნამდვილად არ იყო.
დარჩენილ დროში თუ ვინმეს უნდა მოეგო, ეს საქართველო იყო. 86-ე წუთზე ჯაბა კანკავამ შორი მანძილიდან გაისროლა და ბურთმა მაგარი ტრაექტორია მოხაზა, კარში ეშვებოდა, მაგრამ ვლახოდიმოსმა რეაგირება მოასწრო და ბურთი კუთხურზე გადააგდო. კიდევ იყო შეტევების მცდელობები, მაგრამ სახიფათო მომენტი სანიოლის გუნდმა ვეღარ შექმნა.
1:1, მაგრამ მაინც უკმარისობის გრძნობა. ალბათ, იმაზე მეტად, ვიდრე წინა ორ მატჩში, რადგან საქართველოს საბერძნეთთან უნდა მოეგო, თამაშმა ეს ნათლად წარმოაჩინა. ცოტა მეტი სითამამე, ნაკლები სიფრთხილე და შიში... საქართველო საგრძნობ უპირატესობას რომ ფლობდა, ეს უბრალოდ სტატისტიკური მაჩვენებლიბადანც ჩანს და ის ნამდვილად არ იტყუება, რადგან მართლაც ასე იყო.
B ჯგუფში ესპანეთის ნაკრებმა სევილიაში, კოსოვოს უმასპინძლა და დანი ოლმოს, ფერან ტორესისა და ხერარდ მორენოს გოლებით 3:1 იმარჯვა. „ფურია როხა“ 7 ქულით ლიდერია და ქულით უსწრებს შვედეთს, თუმცა, თამაშით მეტი აქვს ჩატარებული. საბერძნეთმა 2 ქულა დააგროვა, საქართველომ ერთი და კოსოვო უქულოდ ბოლო ადგილზეა. ამ ჯგუფში ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო მატჩს 2 სექტემბერს, თბილისში კოსოვოს დაუპირისპირდება. თუმცა, მანამდე ივნისში ორ სპარინგს ჩაატარებს: 2 ივნისს სტუმრად რუმინეთთან, ხოლო მეორე მეტოქის ვინაობა ჯერ უცნობია.
საბერძნეთი - საქართველო 1:1(0:0)
სალონიკი, „ტუმბა არენა“
საბერძნეთი (4-3-3): ვლახოდიმოსი; ბაკაკისი (მავრიასი 42), პაპადოპულოსი, ცაველასი, იანულისი; ზეკა, ბაკასეტასი (იაკუმიკასი 70), ბუხალაკისი (სიოპისი 87); ცოლისი (ლიმნიოსი 46), პავლიდისი (მასურასი 70), ფორტუნისი
მწვრთნელი: ჯონ ვან ‘ტ სხიპი
საქართველო (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე; აბურჯანია (გვილია 74), კანკავა; ლობჟანიძე (ჯიღაური 84), კიტეიშვილი (კვეკვესკირი 84), კვარაცხელია; ზივზივაძე (ქვილითაია 63)
მწვრთნელი: ვილი სანიოლი
გოლები: 1:0 კაკაბაძე (76, ა.გ), 1:1 კვარაცხელია (78)
გაფრთხილება: ფორტუნისი (59), პაპადოპულოსი (67), იაკუმიკასი (70), ზეკა (80) - აბურჯანია (15), კიტეიშვილი (63), კანკავა (90)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 4 (1) – 6 (4) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 4:9 თამაგარე: 2:2
მსაჯი: შიმონ მარცინიაკი (პოლონეთი)