ფეხბურთი

22:45 | 31.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "აგუერო შეუცვლელია"

უკვე ოფიციალურად ცნობილია, რომ არგენტინელი ფეხბურთელი სერხიო აგუერო ზაფხულში კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ "მანჩესტერ სიტის" დატოვებს. "ქალაქელების" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ სამხრეთამერიკელის წასვლასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სერხიო კლუბისთვის შეუცვლელი მოთამაშეა და არგენტინელმა "სიტის" წინსვლაში დიდი ითამაშა.

"სეზონის დასრულებამდე კიდევ ორი თვეა დარჩენილი და დღევანდელ ვარჯიშზე ვნახე თუ როგორი მონდომებული ვარჯიშობდა აგუერო. სერხიო შეუცვლელია. ადვილი არაა 360-ზე მეტი თამაში ჩაატარო, 250-ზე მეტი გოლი გაიტანა და ამდენი ტიტული მოიპოვო. აქედან გამომდინარე აგუერო კლუბის ლეგენდაა, იგი შეუცვლელია ყველასთვის, ჩვენთვის, გულშემატკივრებისთვის, მოთამაშეებისთვის და იმ მწვრთნელებისთვის, რომელთანაც მას უმუშავია. აგუერო ფანტასტიკური პიროვნებაა და დარწმუნებული ვარ, რომ თუ ისეთივე აგრესიული იქნება მოედანზე როგორიც ახლაა, მაშინ მას შეუძლია კიდევ დიდხანს ითამაშოს, შესაძლოა სამი, ოთხი ან ხუთი წელი." - ციტირებს Sky Sports-ი პეპის სიტყვებს.

გვარდიოლამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ აგუერო კლუბს დაეხმარა პრემიერლიგასა და ევროპულ დონეზე გასაწევი, ძლიერი ძალა ყოფილიყო. არგენტინელს ასევე შეუძლია გუნდს დაეხმაროს და მიმდინარე სეზონი ოთხი ტიტულით დაასრულოს.

"ვფიქრობ მიმდინარე სეზონში აგუერო კიდევ ბევრ მნიშვნელოვან გოლს გაიტანს. სამწუხაროდ იგი ერთი წელი ვერ თამაშობდა. მიუხედავად იმისა, რომ წარმატებას ვაღწევდით, რიგ მომენტებში სერხიო ძალიან გვჭირდებოდა. ჩვენ მისი სათამაშო ხარისხი და გოლის გატანის ალღო გვაკლდა. როდესაც იგი გაბრაზებულია და იმედგაცრუებული, შეუძლია ენერგიის მობილიზება და ხუთ-ათ მეტრში რამდენიმე მეტოქეს გაცდეს, რათა გოლი გაიტანოს.

ისინი ვინც მას შემდეგ "მანჩესტერ სიტიში" მოვედით ძალიან იღბლიანები ვართ. აქ მოსვლის დროს ის იყო ერთ-ერთი ჯო ჰარტთან, პაბლო საბალეტასთან, ვინსენტ კომპანისთან, დავიდ სილვასთან და კიდევ სხვა ფეხბურთელებთან ერთად, რომლებმაც კლუბს წარმატება მოუტანეს და ანგარიშგასაწევი ძალა გახადეს. მისი დახმარებით კლუბმა მაღალ დონეზე გადაინაცვლა და რა თქმა უნდა გულშემატკივრები ამით მადლიერები არიან. ამ ფეხბურთელების გარეშე ჩვენ ბოლო ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში ამდენს ვერ მივაღწევდით." - დაამატა გვარდიოლამ.

სერხიო აგუერო "მანჩესტერ სიტის" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია 257 გოლით. არგენტინელი "ქალაქელების" მაისურით 2011 წლიდან ასპარეზობს და კლუბს ათი წლის შემდეგ ტოვებს. ამ ხნის განმავლობაში სამხრეთამერიკელმა ოთხჯერ მოიგო პრემიერლიგა, ლიგის თასი - ხუთჯერ, ასოციაციის თასი - ერთხელ, ხოლო სუპერთასი - სამჯერ.

0.133459