ფეხბურთი

21:11 | 31.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ესპანელი და შვედი ჟურნალისტების ანალიზი: "მთავარი იარაღი სანიოლია, გუნდის სული - კაშია"
Marca-ს და FotbolDirekt-ის ჟურნალისტები საქართველოს ნაკრებზე საუბრობენ

საბერძნეთი - საქართველოს მატჩის წინ ბერძნულმა გამოცემამ Gazzeta.gr-მ ესპანური Marca-სა და შვედური FotbolDirekt-ის წარმომადგენლები ჩაწერა. მიზანი საქართველოს ნაკრების თამაშის გარჩევა იყო.

Marca-ს ჟურნალისტი მიგელ ანხელ ლარა ფიქრობს, რომ საქართველო საკმაოდ კარგი გუნდია და მისი აზრით, ეს არ არის დაცვაზე აშკარად ორიენტირებული გუნდი. ლარას მიაჩნია, რომ მთავარი იარაღი მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლია, ხოლო გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი - ხვიჩა კვარაცხელია.

„საქართველო თავს საბერძნეთისგან განსხვავებულად იცავს. ყოველშემთხვევაში იქედან გამომდინარე ვამბობ, რაც თბილისსა და გრანადაში ვნახე. საქართველო დაცვით ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ არც ისე უკნიდან. სივრცეებს ხურავს, მაგრამ თქვენ ვერ ნახავთ მოთამაშეს, რომელიც საჯარიმოსთან ახლოს დგება. მინდა გაგახსენოთ, რომ პირველ ტაიმში თითქმის ყველა საგოლე მომენტი საქართველოს ჰქონდა და არა ესპანეთს. არ ვიტყოდი, რომ ეს დაცვითი გუნდია, პირიქით - ნახევარმცველები აგრესიულად გადადიან შეტევაზე, როდესაც ბურთი აქვთ.

ვფიქრობ, მათი საუკეთესო ფეხბურთელი კვარაცხელია. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მან გოლი გაიტანა. ის განსაკუთრებული ექსტრემია, მასზე ლუის ენრიკემ პრესკონფერენციაზეც ისაუბრა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როგორც წესი, ენრიკე ფეხბურთელებზე ინდივიდუალურად იშვიათად საუბრობს. ვფიქრობ, ესპანური გუნდების ყურადღება უკვე მიიპყრო.

თუმცა, ჩემი აზრით გუნდის მთავარი იარაღი მწვრთნელია. სანიოლმა დაამტკიცა, რომ ძალიან კარგად კითხულობდა შვედეთთან და ესპანეთთან მატჩებს. ის არის მწვრთნელი, რომელმაც იცის, რომ უფრო ძლიერი გუნდების წინააღმდეგ თამაშობს, მაგრამ მთელ თავის ტაქტიკაში აქცენტს აკეთებს იმაზე, როგორც შექმნან საგოლე მომენტები, როდესაც ამის შესაძლებლობა იქნება“, - ამბობს სტატიაში Marca-ს ჟურნალისტი მიგელ ანხელ ლარა.

Gazzeta.gr შვედური ვებგვერდის FotbolDirekt-ის რედაქტორ ოლა გუსტავსონსაც დაუკავშირდა, რომელმაც ვილი სანიოლზე ძალიან პოზიტიურად ისაუბრა და საქართველოს ნაკრებიდან გურამ კაშიას ფუნქცია გამოარჩია.

„სანიოლი ძალიან ჭკვიანი ბიჭია. ნუ დაგვავიწყდება, რომ ფეხბურთელობის გარდა, პირველი სამწვრთნელო ნაბიჯებიც „ბაიერნში“ გადადგა. ეს ყველაფერს ამბობს მისი ფილოსოფიისა და მიდგომის შესახებ. სტოკჰოლმში მან 4-2-3-1 სქემით ითამაშა. მათ გოლი გაუშვეს და ანგარიშში ჩამორჩნენ, მაგრამ საგოლე შანსები შექმნეს. ჩემი აზრით, ფრე დაიმსახურეს. იგივე გამოჩნდა ესპანეთთან მატჩშიც, სადაც ასევე ჰქონდათ საგოლე მომენტები.

შვედეთში დვალისა და კაშიას წყვილმა ზლატანის წინააღმდეგ ძალიან კარგად ითამაშა. შეიძლება ყველას მზერა კვარაცხელიაზე იყოს, მაგრამ გუნდის სული გურამ კაშიაა. ის გამოცდილია, 33 წლის და მთელ გუნდს უკნიდან კარნახობს. ჯგუფიდან ჩემი აზრით პირდაპირ ესპანეთი გავა, მეორე ადგილისთვის კი შვედეთი და საბერძნეთი იბრძოლებენ“, - თქვა გუსტავსონმა.

0.116484