იტალიური ფეხბურთის ლეგენდა მარჩელო ლიპი შესაძლოა ტურინის „იუვენტუსში“ დაბრუნდეს. SportMediaset-ის ცნობით, „ბებერი ქალბატონის“ პრეზიდენტი ანდრეა ანიელი პირადადაა დაინტერესებული 73 წლის ლიპის გუნდში დაბრუნებით.
თუმცა, საუბარი არ არის მწვრთნელის პოსტზე. ლიპი გუნდის მენეჯმენტში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პოსტს დაიკავებს და პარალელურად ანდრეა პირლოს საჭირო და სასარგებლო რჩევებსაც მისცემს.
გამოცემა წერს, რომ ეს ჯერჯერობით მხოლოდ იდეაა, რომელიც შესაძლოა უახლოეს ხანში რეალობად იქცეს და 17 წლის შემდეგ ლიპი ტურინულ გრანდში ახალ როლში დაბრუნდეს.
მარჩელო ლიპი ბოლოს ჩინეთის ნაკრებს წვრთინდა, რომელიც დატოვა და სამწრვთნელო კარიერა დაასრულა. მან საუკეთესო წლები „იუვენტუსში“ გაატარა, რომელსაც 8 სეზონის განმავლობაში წვრთნიდა (1994-1999, 2001-2004). ამ რვა სეზონიდან „იუვე“ ხუთჯერ გავიდა ევროტურნირების ფინალში - ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგის და ერთხელ უეფას თასის, თუმცა, ფინალში გამარჯვება მხოლოდ ერთხელ მოახერხა.
მარჩელომ ტურინულ გრანდს 5-ჯერ იტალიის ჩემპიონატი, 4-ჯერ იტალიის სუპერთასი, თითოჯერ კი იტალიის თასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და საკონინენტთაშორისო თასი მოაგებინა. 2006 წელს ლიპიმ კიდევ ერთხელ მიაღწია მწვერვალს და იტალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.