დანიელ რიკარდომ ბაჰრეინის დიდი პრიზი მეშვიდე ადგილზე დაასრულა. და როგორც ირკვევა, ამის მიზეზი ის იყო, რომ რბოლის დასაწყისში, მას უკნიდან პიერ გასლი დაეჯახა, რამაც მანქანის ძირი ძლიერ დააზიანა.
„მაკლარენის“ ახალწვეულს კვალიფიკაციაში მეექვსე დრო ჰქონდა, მაგრამ რბოლაში ერთი პოზიცია დაკარგა. გუნდმა რბოლის შემდეგ მისი მანქანა შეამოწმა და აღმოჩნდა, რომ ძირის მნიშვნელოვანი ნაწილი დაზიანებული იყო. ამან კი აეროდინამიკური ბალანსი დაარღვია.
„რბოლის შემდეგ ჩატარებული შემოწმებისას აღმოვაჩინეთ, რომ რბოლის დასაწყისში, გასლისთან შეჯახებამ, მისი მანქანის ძირის უკანა ნაწილი დააზიანა. ამით მანქანის აეროდინამიკა ძლიერ გაუარესდა. ამის მიუხედავად, დანიელმა მთელი თავისი ოსტატობა გამოიყენა და გუნდს მნიშვნელოვანი ქულები მოუპოვა“, - ამბობს „მაკლარენის“ ხელმძღვანელი ანდრეას ზიდლი.
რიკარდოს თანაგუნდელმა ლანდო ნორისმა ფინიში მეოთხემ გადაკვეთა. ორივეს მიერ მოპოვებული ქულებით კი „მაკლარენს“ პირველი რბოლის შემდეგ, კონსტრუქტორთა ჩემპიონატში მესამე ადგილი უკავია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია