მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ავსტრალიელმა ეშლი ბარტიმ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა თავისი სტატუსის შესანარჩუნებლად - ბელარუს არინა საბალენკას 6-4 6-7 (5) 6-3 მოუგო და მაიამის ღია პირველობის ნახევარფინალში გავიდა.
ბარტიმ, ვინც ტურნირზე მოქმედი ჩემპიონის რანგში თამაშობს, პირველ ორ სეტში შვიდი ბრეიკ პოინტი მოიგერია. პირველ სეტში უპირატესობა საბალენკას შეცდომების წყალობით მიაღწია - მეცხრე გეიმში, როცა ანგარიში 4-4 იყო, ბელარუსმა თავის სერვისზე ქულა დათმო და მერე შური ჩოგანზე იძია.
მეორე სეტში საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც ავსტრალიელი 5-4 დაწინაურდა. მაგრამ შემდეგ საბალენკამ ზედიზედ სამი გათამაშება მოიგო და ტაიბრეიკი თავის სასარგებლოდ დაასრულა.
მესამე სეტის წინ, ორგანიზატორებმა გაუსაძლისი სიცხის გამო, 10-წუთიანი შესვენება გამოაცხადეს. მაგრამა ამან საბალენკაზე უარყოფითად იმოქმედა. მას შუა სეტში მუცლის ტკივილი დაეწყო. ამით კარგად ისარგებლა ბარტიმ და შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა.
ავსტრალიელს ფინალში გასვლა სჭირდება იმისთვის, რომ მსოფლიოს პირველი ჩოგნის სტატუსი შეინარჩუნოს.