„ლივერპულის“ თავდამსხმელმა, მოჰამედ სალაჰმა, ჟურნალისტებს მადრიდის „რეალთან“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მოსალოდნელი შეხვედრის შესახებ გაუზიარა აზრი. მოგეხსენებათ, ბოლოს ეს გუნდები 2017-18 წლების ჩემპიონთა ლიგის კიევურ ფინალში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მაშინ, პირველი ტაიმის ბოლოს, მადრიდელთა მცველმა, სერხიო რამოსმა, ეგვიპტელს რაღაც მოგვერდის მსგავსი ილეთი ჩაუტარა და სალაჰმა მოედანი თვალცრემლინმა დატოვა. შედეგად, რეალმა 3:1 გაიმარჯვა.
„მოდით, ასე ვთქვათ: დიდი სურვილი მაქვს რომ მოვიგოთ და ნახევარფინალში გავიდეთ. რაც არ უნდა მოხდეს ახლა, კიევური მატჩის შედეგს ვერ შეცვლის. ამიტომ, ის უკვე წარსულშია.
სერხიო რამოსი? ეს ძველი ამბავია და ამაზე აღარ ვფიქრობ. ახლა მთელი ჩემი გონება „ლივერპულთანაა“ - ციტირებს სალაჰის სიტყვებს Marca.
„ლივერპულ“ - რეალის“ დაპირისპირების პირველი შეხვედრა 6 აპრილს გაიმართება მადრიდში, საპასუხო - ლივერპულში 14 აპრილს.